5 ივნისს “SEREC”-ის ოფისში პროგრამის „მდგრადი ეთნიკური უმცირესობები დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული გამოწვევების საპასუხოდ“ მეორე ეტაპი გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც ახალქალაქში ტრენინგების სერია ჩატარდება. პროექტს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC) პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.

IMG_9004

ტრენინგების გახსნისთვის ახალქალაქში საქართველოში პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლები საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიუშ მაშკევიჩის ხელმძღვანელობით ჩამოვიდნენ. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მარიუშ მაშკევიჩი მონაწილეებს მიესალმა და მომავალ ტრენინგებზე ისაუბრა. უკრაინაში რუსეთის შემოჭრის კონტექსტში ჰიბრიდულ ომებს, დესტალინიზაციას, კომუნისტურ პროპაგანდას შეეხო

IMG_9015

IMG_9034

პროექტის მიზანი ეთნიკური უმცირესობების, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და ახალგაზრდების მდგრადობის ამაღლება, ჰიბრიდული საფრთხეების კომპონენტების დეზინფორმაციის, პროპაგანდის, ყალბი ამბების იდენტიფიცირებისას საჭირო უნარ-ჩვევების მინიჭებაა.

პროექტის ფარგლებში ოთხდღიანი ტრენინგი ჩატარდება, რომლის შედეგადაც მონაწილეები დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის შესახებ თეორიულ ცოდნას მიიღებენ, ლექციების შემდეგ ამ ცოდნის პრაქტიკულ სიმულაციას შეძლებენ, რომელიც ინტერაქტიული ხასიათის მატარებელი იქნება.

პროგრამის მსმენელები შემდეგ თემებზე ინფორმირდებიან:

● საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ომი;
● ანტიდასავლური დეზინფორმაცია
● საბჭოთა კავშირი – წარმოსახვა და რეალობა;
● სტალინი – ტირანი ან გმირი;
● სტალინური პროპაგანდის მეთოდები;

პროგრამა ახალქალაქში 5 ივნისიდან 8 მაისამდე გაგრძელდება.

ტრენინგის ბოლოს პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.