მარი მელქონიანი, რომელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ შორეულ სოფელში აზავრეთში ცხოვრობს, თავის ხელოვნებას „ფარულად“ ავითარებს. 24 წლის გოგონამ სომხეთიდან მშობლიურ სოფელში დაბრუნება და აქ საყვარელი საქმის კეთება არჩია. მცირე ბიზნესი დაიწყო, ოცნებობს ჰქონდეს ცენტრი ქალაქში.
მარის ოთახში რომ შედიხარ, სტუდიას უფრო ჰგავს. ერთი მხრივ, ხალიჩების დასამზადებელი მანქანა, რომელიც თავად მარიმ ძველი ხის აკვნიდან ააწყო, მეორე მხრივ, ფუნჯები და საღებავები, საგულდაგულოდ აწყობილი ნახატები, მძივები და ფერადი ძაფები.
მარიამს ბავშვობიდან უყვარდა ხატვა. მე-9 კლასის დამთავრების შემდეგ სომხეთში გადავიდა და სწავლა იქ განაგრძო. სწავლობდა ჰუმანიტარულ კოლეჯში ხელსაქმისა და დიზაინერის სპეციალობას, შემდეგ კი სოფელში დაბრუნდა, თუმცა ჰქონდა შესაძლებლობა იქ დარჩენილიყო და ხალიჩები მოექსოვა.
დაბრუნების შემდეგ მარი უსაქმოდ არ დარჩენილა, პერანგებს ხატავს, შეკვეთებს იღებს. იყენებს სპეციალურ მაღალი ხარისხის საღებავებს, რომლებიც გარეცხვისას არ გადადის. უკვე აქვს საკუთარი ინსტაგრამგვერდი, სადაც მერი თავის ნამუშევრებს აქვეყნებს და სწორედ ამ პლატფორმაზე იღებს შეკვეთებს.
ამასთანავე სოფელში ჰყავს მოსწავლეები, რომლებსაც მარი ხელოვნებას ასწავლის, იყო პერიოდი, როცა 12-მდე მოსწავლე ჰყავდა. ახლა ცოტაა, რადგან ყველა სოფლის საქმით არის დაკავებული.
ბავშვების უმეტესობა საღებავებით და ფანქრებით ხატვას სწავლობს.
მარი ამბობს, რომ დედას ჰგავს. დედასაც ძალიან უყვარდა ხატვა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო სათანადო განათლება ვერ მიიღო.
„მიყვარს ხატვა, მაგრამ უფრო მეტად მინდოდა, რომ დედაჩემის აუხდენელი ოცნება ჩემი მეშვეობით ახდენილიყო. მას სურდა ამ მიმართულებით სწავლა, მაგრამ ვერ შეძლო”.
ძირითადად სხვადასხვა ნახატებს ხატავს, უპირატესობას მინიატურებს ანიჭებს, ხალიჩებსაც ქსოვს, გულგრილად ვერ ჩაუვლის მძივებს, ახერხებს თმის სამაგრების და ბროშების დამზადებას.
მარი ხატავს სხვადასხვა სტილში, ფერებში, არ აქვს საზღვრები. იყენებს ზეთის საღებავს, გუაშს და ა.შ.
რაც არ უნდა დატვირთული იყოს დღე სოფლის საქმითა და მშობლების დახმარებით, მარი მაინც ცდილობს გარკვეული დროით ოთახში „დამალვას“, რათა დღის შთაბეჭდილებები ქაღალდზე გადაიტანოს.
ამბობს, რომ მის საქმეში ადვილი არაფერია, მაგრამ თუ ყველაფერს სიყვარულით აკეთებ, ადვილი გეჩვენება.
მარი მელქონიანი ოცნებობს ქალაქში საკუთარი ცენტრი ჰქონდეს, რათა თავისი ნამუშევრები ხალხს გააცნოს.