ახალქალაქის მერიას კომპენსაციის მოთხოვნით სამი სოფლის მცხოვრებლებმა მიმართეს, სადაც წყალდიდობამ არამარტო საგზაო ინფრასტრუქტურა, არამედ მოსახლეობის სახლები და სარდაფები დააზიანა. მოსახლეობა ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.
სოფლების: ბოზალის, დადეშის და ვაჩიანის მცხოვრებლებმა დახმარებისთვის ახალქალაქის მერიას მიმართეს. ძლიერი წყალდიდობა იყო აგრეთვე სოფლებში: კუმურდოსა და სულდაში. მართალია კუმურდოში წყალი სახლებში არ შევარდნიათ, მაგრამ დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა.
ახალქალაქის მერის, იურიკ ჰუნანიანის თქმით, მერია თითოეულ განცხადებას განიხილავს. პირველ რიგში განიხილავენ აქტებს, შემდეგ დაადგენენ ზარალის ოდენობას და, ამის შესაბამისად, დაეხმარებიან დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში გაზაფხული თოვლიანი ამინდით დაიწყო და 24 მარტის ღამეს წვიმამ ზოგიერთ სოფელში სახლები დატბორა.
თოვლის დნობის სეზონი ახალქალაქში, მთაში იწყება. თითქმის ყოველდღე თოვლ-ჭყაპია, მეორე დღეს კი, გზებზე გუბე და ტალახი. დაიტბორა გზისპირა სახლები სოფლებში: ბოზალში, ვაჩიანსა და დადეშში. მერიაში აცხადებ, რომ დაზარალებულები დახმარებას მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან მიიღებენ.