14 თებერვალს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში კუმურდოსა და კიროვაკანში სოფლის მოსახლეობასთან პრიორიტეტული სამუშაოების შესარჩევად შეხვედრები გაიმართა, რომლებსაც სოფლები „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში 2024 წელს განახორციელებენ. შეხვედრებზე ცოტა ხალხი იყო, მხოლოდ კაცები მოვიდნენ, განხილვები ხანმოკლე იყო.
სოფლებში შეხვედრებს კოორდინაციას უწევდნენ მერიის წარმომადგენლები: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მკრტიჩ მღდესიანი და მერიის ქონებისა და დაგეგმარების სამსახურის სპეციალისტი ავაგ არევიანი.
კუმურდო
სოფელ კუმურდოში სოფლის მოსახლეობა ძველ სკოლასთან შეიკრიბა. ბევრი ხალხი არ იყო, დაახლოებით 25 ადამიანი, ამ 25-დან მხოლოდ 3-4 ადამიანი იყო აქტიური განხილვებში. კრებაზე ქალები არ იყვნენ და საერთოდ, სოფლებში ასეთ შეხვედრებზე მხოლოდ კაცები იკრიბებიან.
მოსახლეობამ სარიტუალო სახლის გაფართოების, ასევე სოფლის შიდა გზების კეთილმოწყობის თაობაზე მსჯელობა დაიწყო.
მერის მოადგილის მკრტიჩ მღდესიანის თქმით, გაფართოება დიდ თანხებს მოითხოვს, შესაძლოა ეს მომავალში ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით განხორციელდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ სოფელი კუმურდო სხვა სოფლებთან შედარებით ყველაზე კეთილმოწყობილია.
„გააკეთეთ წინასწარი გათვლა, რომ გაიგოთ, რამდენი თანხა იქნება საჭირო სარიტუალო სახლის კეთილმოწყობისთვის, თუ დამატებითი თანხები იქნება საჭირო, ადგილობრივ ბიუჯეტს შეუძლია დამატება. მაგალითად, თუ გჭირდებათ 25 000 ლარი, გაქვთ 20 000 ლარი, ადგილობრივ ბიუჯეტს შეუძლია 5000 ლარის დამატება. რაც შეეხება გაფართოებას, შესაძლოა წელს შევადგინოთ პროექტი, ხოლო მომავალში აშენდება“, – თქვა მკრტიჩ მღდესიანმა.
შედეგად, კუმურდოს მცხოვრებლები, ხანმოკლე დისკუსიების შედეგად, რიტუალური სახლისთვის სკამების, მაგიდების და ჭურჭლის შეძენის არჩევანზე შეჩერდნენ.
სოფელ კუმურდოსთვის გამოყოფილი „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის თანხა 20 000 ლარს შეადგენს.
კიროვაკანი
მეორე სოფელი, სადაც დღეს „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის შეხვედრა გაიმართა, იყო კიროვაკანი. იქ სოფლის მოსახლეობა მაღაზიასთან შეიკრიბა. 20-მდე მცხოვრები იყო და ისევ მხოლოდ კაცები მივიდნენ.
სოფელ კიროვაკანში არხების მოწყობის წინადადება გაჟღერდა, მაგრამ დისკუსიის შემდეგ გადაწყვიტეს სოფლის ორივე მხარეს მდებარე პატარა ხიდების კეთილმოწყობაზე დახარჯულიყო, რომლებზედაც მოსახლეობის ტექნიკა სასოფლო-სამეურნეო მინდვრებისკენ გადაადგილდება, ხოლო დარჩენილი თანით გადაწყვიტეს უბრალო ხრეშის ყიდვა და სოფელში ორმოების ამოვსება, გრეიდერის გარეშე.
სოფელ კიროვაკანისთვის გამოყოფილი „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის თანხა 12000 ლარს შეადგენს.
აღვნიშნავთ, რომ დღეს სოფლებში შეხვედრის ბოლო დღე იყო. შეხვედრები მერიაში შედგენილი გრაფიკის მიხედვით გაიმართა, 5 თებერვალს დაიწყო. მერიაში მერიის და საკრებულოს თანამშრომლებისგან დროებითი კომისიები შეიქმნა, რომლებიც საჯარო შეხვედრებს ესწრებოდნენ და კოორდინაციას უწევდნენ პრიორიტეტული სამუშაოების შერჩევას.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტისთვის გათვალისწინებული „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის თანხა რამდენიმე წელია არ იცვლება და 922 000 ლარს შეადგენს.
„სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ყველაზე მცირე თანხა 10 000 ლარია, ყველაზე დიდი კი 20 000 ლარი. ასევე, მოსახლეობის მიხედვით, სოფლებს შეუძლიათ მიიღონ 12 000 ლარი ან 16 000 ლარი. თითოეულმა სოფელმა წელს იგივე თანხა მიიღო, რაც გასულ წელს.
„სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამა საქართველოში 2011 წლიდან, ორწლიანი შესვენებით (2017, 2018) ხორციელდება.