ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 2020 წელს, 10 სკოლის შენობის გარემონტება იგეგმება. ძირითადად, გათვალისწინებულია ტუალეტების მშენებლობა და ანტისეპტიკური ორმოების მოწყობა.
ახალქალაქის მერიიდან შეგვატყობინეს, 10 პროექტი მომზადდება, სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, თუკი იქნება სახსრები, ამ საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც ჩატარდება სამუშაოები.
“წლეულს 10 სკოლის შენობის გარემონტება გვსურს, თუკი გვექნება დამატებითი სახსრები, კიდევ შევუკვეთავთ 10 პროექტს. თუკი წელს გამოჩნდება ფინანსები, ეს 10 სკოლა გარემონტდება. სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება დაახლოებით 100.000, 80.000 და 90.000 ლარს ის ფარგლებში მერყეობს, თუმცა არის სკოლები, რომელთა გარემონტებაზე 130.000 ან 140.000 ლარი“, – განაცხადა ახალქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების თანამშრომელმა, გარიკ გალივონჯიანმა.
სამშენებლო და შენობებში სანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებელი სამუშაოები შემდეგ სკოლებში ჩატარდება:
გომანის სკოლისთვის გამოყოფილია 94 798 ლარი. ჩატარდება შიდა სარემონტო სამუშაოები, ასევე აშენდება ტუალეტები და მოეწყობა ანტისეპტიკური ორმოები.
სოფელი პატარა სამსარის სკოლაში ტუალეტის მშენებლობისთვის გამოყოფილია 80 000 ლარი.
სოფელი არაგვას სკოლის შენობაში სანიტარული მდგომარეობის მოწესრიგებისა და ტუალეტის მშენებლობისთვის გამოყოფილია 54 000 ლარი.
სოფელი დიდი სამსარის სკოლის შენობაში სანიტარული მდგომარეობის მოწესრიგებისა და ტუალეტის მშენებლობისთვის გამოყოფილია 100 000 ლარი.
სოფელ ღადოლარის სკოლისთვის გამოყოფილია 125 000 ლარი. სკოლაში აშენდება ტუალეტი და ანტისეპტიკური ორმო, გარემონტდება სახურავი, გათბობის გაყვანილობა.
სოფელ გოგაშენის სკოლის ტუალეტის მშენებლობისთვის დაახლოებით 60 000 ლარია გამოყოფილი.
ბავრის სკოლაში ტუალეტის ასაშენებლად გამოყოფილია 100 000 ლარი.
სოფელი სულდის სკოლისთვის 125 000 ლარი, რომელიც დაიხარჯება ტუალეტის, ანტისეპტიკური ორმოსა და შენობის სახურავის გასარემონტებლად.
სოფელ მურჯახეთის სკოლისთვის გამოყოფილი 100 000 ლარით დაგეგმილია შენობისა და სახურავის გარემონტება, ასევე ტუალეტის მშენებლობა.
სოფელი კარწახის სკოლისთვის გამოყოფილია 125 000 ლარი, ამ თანხით გაარემონტებენ სკოლის სახურავს, ააშენებენ ტუალეტს და მოაწყობენ ანტისეპტიკურ ორმოს.
სარემონტო სამუშაოების საერთო ღირებულება 963 798 ლარს შეადგენს.
“ამ მილიონი ლარით, პირველ რიგში, გავარემონტებთ სკოლებს. ჩამოთვლილი სკოლების გარდა, არის კიდევ ბევრი სხვა სკოლა, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მაგალითად, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია სოფელ აზავრეთის სკოლა. წელს გვინდა მოვითხოვოთ თანხა, რათა მოვახერხოთ ამ სკოლის გარემონტებაც. სოფლებში, აზავრეთსა და დილისკაში საჭიროა ახალი სკოლების აშენება, მაგრამ ეს დიდ სახსრებთან არის დაკავშირებული, თუკი ამისთვის გამოყოფენ თანხას – მშვენიერი იქნება, თუ არა, რამეს მოვიფიქრებთ”, – განაცხადა ახალქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების თანამშრომელმა, გარიკ გალივონჯიანმა.