24 იანვარს ახალქალაქის მერიამ ახალქალაქში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მინი-სტადიონის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. აუქციონის თავდაპირველი თანხა 50 847 ლარია.
შეთავაზებების მიღების ბოლო ვადაა 5 თებერვალი. სამუშაოები 15 აპრილს დაიწყება და დაახლოებით 30 დღეში უნდა დასრულდეს. ამგვარად, თუ ტენდერი პირველივე ჯერზე შედგება, მაშინ მაისის ბოლომდე აღმაშენებლის მრავალსართულიანი კორპუსების ბავშვებს ექნებათ ადგილი, სადაც კომფორტულად შეძლებენ ბურთით თამაშს.
პროექტი მდებარეობს ქალაქ ახალქალაქში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე. პროექტი ითვალისწინებს გარე მინი-სპორტული მოედნის მშენებლობას. არსებულ სტადიონს მოეხსნება ლითონის ჭიშკარი, დამონტაჟდება მონოლითური რკინა-ბეტონის ფილა, დამონტაჟდება ახალი ზედაპირი და განათება. აღდგება ლითონის ბადე. მინდვრის ზედაპირზე დამონტაჟდება მონოლითური რკინაბეტონის ფილა, რომელზეც ხელოვნური ბალახი დაიგება. სტადიონის გასანათებლად ლითონის ღობეზე უნდა დამონტაჟდეს დიოდური პროჟექტორი.
შეგახსენებთ, რომ შარშან აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი შენობების ეზოში საბავშვო მოედნით მყუდრო პარკი აშენდა. მოზარდები, რომლებიც ამ რაიონში ცხოვრობენ, ადგილობრივ ხელისუფლებას პარკთან არსებული ფეხბურთის მინი-სტადიონის რეაბილიტირებაც სთხოვეს. ის საშინელ მდგომარეობაშია. მინი-სტადიონის მწვანე საფარი ქუჩაში, ტალახში გდია, ბადეები დახეული. სტადიონი რამდენიმე წლის წინ აშენდა, მაგრამ ძალიან მალე გამოვიდა მწყობრიდან და არ გამოიყენება, ბავშვები იძულებულნი არიან ფეხბურთი სხვა ადგილებში ითამაშონ.
ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი Jnews-თან საუბარში ამბობდა, რომ მინი-სტადიონის რეაბილიტაცია 2022 წელს იგეგმებოდა, თუმცა სტადიონის პირდაპირ მდებარე კორპუსის მცხოვრებლებმა უცენზურო სიტყვებისა და ღამით სტადიონზე ყვირილის გამო საჩივარი დაწერეს და სთხოვეს, რომ სტადიონის რეაბილიტაცია არ ჩატარდეს. თუმცა, მაშინ მერი დაჰპირდა, რომ მოეწყობა ადგილი, სადაც ბავშვები ითამაშებენ.