ნინოწმინდის მუნციპალიტეტის სოფელ ფოკაში დღეს წმინდა ნინოს დღე აღნიშნეს. უკვე მეორე წელია დღესასწაულს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრება. ისევე, როგორც ყოველ წელს, მომლოცველები ფოკადან მცხეთაში წმინდა ნინოს გზას გაივლიან.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის ვიზიტი მოულოდნელი იყო.
«სალომეს ნათლობის სახელი ნინოა, ის ძალიან მორწმუნე ადამიანია, ამიტომ უკვე მეორე წელია ამ დღესასწაულს ესწრება»,- თქვა მიტროპოლიტმა.
სადღესასწაულო ლიტურგია სოფელ ფოკაში ჩატარდა. ფარავნის ტბის ნაპირზე წმინდა ნინოს მონასტერთან მომლოცველები შეიკრიბნენ. ლიტურგია ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჩაატარა. ყოველ წელს პირველ ივნისს აქ წმინდა ნინოს დღეს აღნიშნავენ, და აქედან იწყება მომლოცველთა სვლა საქართველოს რელიგიურ დედაქალაქ მცხეთაში. მომლოცველები გაივლიან გზას, რომელიც წმინდა ნინომ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებისას გაიარა.
«ეს იმ იშვიათი დღესასწაულთაგანია, რომელიც ერებს აერთიანებს. არის განსაკუთრებული დღესასწაულები, რომლებიც სომხეთისა და საქართველოს ერებს აერთიანებს და ერთ-ერთი მათგანი დღევანდელი დღესასწაულია, რადგან წმინდა ნინო საქართველოში სომხეთის მხრიდან არის გამოგზავნილი»,- თქვა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.
ამის შემდეგ მიტროპოლიტი პრეზიდენტთან და მომლოცველებთან ერთად იმ ადგილას მივიდა, საიდანაც წმინდა ნინომ მსვლელობა დაიწყო. ახლა იქ ნათლობის ადგილი შენდება. იქიდან მომლოცველებმა მცხეთამდე გზა განაგრძეს. ისინი მცხეთაში 12 ივლისს იქნებიან.
მომლოცველების გაცილების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ფოკის მონასტერი მოილოცა, დასვენების შემდეგ კი პრეზიდენტი თბილისში გამგზავრებას აპირებდა.