ვარდუჰი მოსოიანი წარმოშობით ნინოწმინდიდან არის, სწავლობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სწავლის პარალელურად თბილისის სამედიცინო ცენტრში (Tbilisi City Medical) მუშაობს.

ვარდუჰიმ დაწყებითი განათლება ნინოწმინდის მე-3 სახელმწიფო სკოლაში მიიღო, შემდეგ უმაღლესი განათლების მიღების მიზნით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

„თუ ვიტყვი, რომ ბავშვობიდან ვოცნებობდი ექიმობაზე, ტყუილი იქნება. მე უეცრად მივედი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ გავმხდარიყავი ექიმი და მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ფიქრობს, რომ სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილებები სწრაფად იცვლება, ჩემს შემთხვევაში ეს ასე არ მოხდა. მიუხედავად მრავალი სირთულისა, არ ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას. ძალიან მაინტერესებს ადამიანის სხეული, მინდოდა გამეგო მასში მიმდინარე პროცესები და სწორედ ამ ინტერესმა მიბიძგა ექიმის პროფესია ამერჩია“.

ვარდუჰის ჯერ არ მიუღია კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელი მაღალ სპეციალიზებული მიმართულება აირჩიოს მომავალში.  ყოველ ჯერზე, როცა რაღაც ახალს სწავლობს და იგებს, იბნევა და მაინც ვერ იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს, ვარდუჰი უპირატესობას კარგი და მოთხოვნადი სპეციალისტის არსებობას ანიჭებს.

varduhi mosoyan

სირთულეებზე საუბრისას ჩვენი გმირი აღნიშნავს მშობლიური ქალაქის ნოსტალგიას, ენობრივ ბარიერს და პროფესიული მასალების სირთულეს.

„მოსამზადებელ კურსზე სწავლა საკმაოდ მარტივი იყო, რადგან ყურადღება გავამახვილე ენის შესწავლაზე, პირველ კურსზე კი უფრო მეტი პროფესიული სირთულე იყო და ასე გაგრძელდა მეოთხე კურსამდე, ხოლო მეხუთეზე, რადგან მეცადინეობები უკვე კლინიკებში ტარდებოდა, უფრო საინტერესო იყო“.

ვარდუჰი ხაზს უსვამს, რომ ქართულ გარემოში პრობლემები არ ჰქონია, უფრო მეტად შინაგანი ემოციები და კონფლიქტები აწუხებდა, როცა, მაგალითად, მასწავლებლის ახსნილი არ ესმოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა.

მიუხედავად პრობლემებისა, ვარდუჰი ახალგაზრდებს ურჩევს სურვილის და დაინტერესების შემთხვევაში, ყურადღება არ მიაქციონ სირთულეებს, იბრძოლონ სასურველი პროფესიისთვის. მისი თქმით, ბევრი, შიშის გამო ამბობს უარს  ოცნებაზე.

ჩვენი გმირიც სწავლის პარალელურად მუშაობს. რაიონული და ქალაქის საავადმყოფოების შედარებისას, ამბობს, მოსწონს ექიმების მზრუნველი დამოკიდებულება პაციენტების მიმართ საავადმყოფოებში, რომლებიც მისთვის ნაცნობები არიან.

2021 წლის ნოემბრიდან ვარდუჰი მუშაობს Tbilisi City Medical-ში. ის სამსახურში კოროვირუსის პანდემიის დროს აიყვანეს.

„დავიწყე მუშაობა კოვიდ განყოფილებაში, ვიყავი მედდა, მაგრამ 2022 წლის მარტიდან უკვე ქირურგიის განყოფილებაში მედდა ვარ.

მშობლიური ქალაქის ექიმებსა და საავადმყოფოზე საუბრისას აღნიშნავს: „ვფიქრობ, ყოველთვის და ყველგან არის კარგი სპეციალისტების დეფიციტი, მათ შორის ჩვენს რაიონში, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ კონკრეტულად ნინოწმინდის საავადმყოფოში უფრო მეტად აღჭურვილობის ნაკლებობაა, ვიდრე სპეციალისტების“.

mosoyan

როგორც მომავალი ექიმი, ჩვენი გმირი ხაზს უსვამს ექიმთან ვიზიტის და პრობლემის დროულად გამოვლენის მნიშვნელობას.

„ექიმთან დროული ვიზიტი – ეს ერთი მკურნალობაა, მაგრამ გვიან წასვლა უკვე რამდენიმე მკურნალობაა. პრობლემა ის არის, რომ ადამიანები თავს არიდებენ ექიმთან მისვლას. ჩემი რჩევა ყველას: გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მიირთვით ჯანსაღი საკვები და გამონახეთ დრო დასვენებისთვის, გიყვარდეთ საკუთარი თავი და სხეული”.

ვარდუჰი მოსოიანს მედიცინის გარდა სხვა მრავალი ინტერესი აქვს, მათ შორის ფორტეპიანოზე დაკვრას გამოარჩევს. მუსიკა ეხმარება ნებისმიერ გონებრივ მდგომარეობაში, ასევე ვარდუჰის უყვარს წიგნების კითხვა და ველოსიპედით სიარული.

 

ლიდა ალმასიანი