საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტს აქვს ყველაზე ცოტა რეგისტრირებული ბიზნესი, მაგრამ ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი ამ სექტორშია. ახალქალაქს აღნიშნულ სტატისტიკაში საშუალო ადგილი უჭირავს.
ამრიგად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყველაზე ცოტა ეკონომიკური სუბიექტი რეგისტრირებულია ასპინძის მუნიციპალიტეტში – 1555, ხოლო ყველაზე მეტი ახალციხეში – 9355 სუბიექტი. ახალქალაქში რეგისტრირებულია 4475 ეკონომიკური სუბიექტი, ხოლო ნინოწმინდაში – 2367.
საინტერესოა, რომ ყველაზე მეტი საშუალო ხელფასი აქვს ასპინძის მუნიციპალიტეტს – 1 559 ლარი, სადაც ყველაზე ცოტაა რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტი და ბიზნესში 700 დასაქმებული, იმ დროს, როცა ახალქალაქში 4475 დარეგისტრირებული ეკონომიკური სუბიექტით, საშუალო ხელფასი 782,1 ლარს შეადგენს, ხოლო ნინოწმიდნაში 517,8 ლარს (700 დარეგისტრირებული დასაქმებული).
ბიზნეს სექტორში საშუალო ხელფასის მიხედვით მეორე ადგილს ბორჯომის მუნიციპალიტეტი იკავებს. აქ რეგისტრირებულია 6718 ბიზნეს სუბიექტი, 5400 თანამშრომელი, რომლებიც საშუალოდ 1424,6 ლარს იღებენ.
ახალციხეში, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტი დარეგისტრირებული სუბიექტია, ბორჯომთან შედარებით ნაკლებია დასაქმებული – 4300 ადამიანი, რომლებიც საშუალოდ 860,7 ლარს იღებენ.