სამცხე-ჯავახეთში სხვადასხვა დროს 10 მასშტაბური პროექტი გამოცხადდა, თუმცა არცერთი მათგანი ამ დრომდე არ განხორციელებულა. ერთ-ერთი მათგანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 5-სოფელში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა. დაპირებული და არარეალიზებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ” გამოიკვლია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, ამ პროექტების მოსამზადებლად მთავრობამ 1 102 844 ლარის ღირებულების 14 დოკუმენტი შეიძინა. აქედან 1,023,244 ლარის საპროექტო დოკუმენტაცია (92,7%) შეძენილია პირდაპირი შესყიდვით, ან კონკურსის გარეშე.
ორგანიზაცია აკეთებს დასკვნას, რომ თუ მთავრობა დღეს გადაწყვეტს ამ პროექტების განხორციელებას, მაშინ შეძენილი დოკუმენტების ნაწილი აღარ არის შესაფერისი და საჭიროებს შეცვლას, შესაბამისად, დამატებით საბიუჯეტო ხარჯებს მოითხოვს.
არარეალიზებული ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ასევე ახალქალაქს ეხება, ახალქალაქისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში „კულტურული ლანდშაფტის“ შექმნას ითვალისწინებდა. პროექტში 10 სოფელი უნდა შესულიყო: თოლოში, ხერთვისი, ნაქალაქევი, თმოგვი, მირაშხანი, კუმურდო, გოგაშენი, აფნია, ხავეთი და დავნია.
2015 წლის 26 იანვარს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, ასპინძისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, მტკვრის ხეობის 20-კილომეტრიან მონაკვეთზე „კულტურული და ლანდშაფტური ურბანული დაგეგმარების დოკუმენტი – ვარძია-ხერთვისი-ოლოდასი“ შემუშავდა. სამინისტრომ შესყიდვის სახით შპს „გეოგრაფიკთან“ 485 000 ლარაიანი ხელშეკრულება გააფორმა.
სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე უნდა შემუშავებულიყო დაგეგმვის პრინციპები, რომელიც შემდეგ მუნიციპალიტეტებს უნდა დაემტკიცებინათ. შემდეგ კი დაიწყებოდა ამ ტერიტორიების ტურისტული განვითარება.
პროექტის შედგენის შემდეგ ავტორებმა ჩაატარეს პრეზენტაცია ახალქალაქის საკრებულოში. .იქ ნათქვამი იყო, რომ პროექტს ახალქალაქის სოფლებში მომავალში ეკონომიკის სამინისტრო ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად განახორციელებდა. თუმცა ამ სოფლებში ტურიზმის განვითარებისთვის არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა.
თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შესახებ სამცხე-ჯავახეთში დაპირებული და განუხორციელებელი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ აქ.