ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი ძირითადად ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული საგადასახადო შემოსავლებისგან, გრანტებისა და საკუთარი შემოსავლებისგან შედგება. ახალქალაქის ბიუჯეტში მთლიანად 18 684 400 ლარის შემოსავალია გათვალისწინებული, საიდანაც მხოლოდ 2 270 000 ლარია საკუთარი შემოსავლის წილი. Jnews-მა მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავალი შეისწავლა.

აღვნიშნოთ, რომ 2024 წელს შარშანდელთან შედარებით 200 000 ლარით მეტი საკუთარი შემოსავლის მიღება იგეგმება. ამგვარად, თუ გრაფაში „სხვა შემოსავალი“, რომელიც ემთხვევა საკუთარ შემოსავალს, გასულ წელს იყო 2 035 000 ლარი, მაშინ 2024 წელს – 2 270 000 ლარია.

საკუთარი შემოსავალი შედგება სამი ძირითადი პუნქტისგან: „შემოსავლები ქონებიდან“, „მომსახურებისა და საქონლის რეალიზაცია“ და „ჯარიმები, სანქციები და პენიები“.

“შემოსავლები ქონებიდან” პუნქტში შედის:

  • საბანკო დეპოზიტზე პროცენტი – დაგეგმილია 600 000 ლარის მიღება;
  • ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის შეგროვებიდან, როგორც გასულ წელს, წელსაც მოსალოდნელია 160 000 ლარის მოგება;

ეს პუნქტი მოიცავს ყველა ბუნებრივ რესურსს, მათ შორის ქვიშას, ხრეშს და ა.შ.

  • მიწის გაქირავებიდან და სამართავად გაცემიდან (უზუფრუქტი, ქირა) შემოსავლიდან 170 000 ლარის მიღება იგეგმება;

ამდენივე შემოსავალი იყო გასულ, 2023 წელსაც. ამ თანხაში ასევე შედის ჰიდროელექტროსადგურების სარგებლობის საფასური.

“მომსახურების და საქონლის რეალიზაციის” პუნქტში შედის “ადმინისტრაციული მოსაკრებლები და გადასახადები”, რომლებიც წელს 768 000 ლარიდან 868 000 ლარამდე გაიზარდა. თავის მხრივ ამ პუნქტში შედის:

  • გადასახადი გაცემული ნებართვებიდან – 20 000 ლარი (გასულ წელს 10 000 ლარი იყო);
  • სამხედრო სამსახურიდან გადავადების გადასახადი 8000 ლარი;

იგივე რიცხვი იყო გასულ წელსაც. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა, მერიაში აცხადებენ, რომ ეს თანხა მუნიციპალურ ბიუჯეტში გადაირიცხება თუ არა, ჯერჯერობით უცნობია.

ადმინისტრაციული გადასახადის ლომის წილი – 800 000 ლარი – სათამაშო ბიზნესისგან შემოსავალზე მიდის;
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ეს თანხა 700 000 ლარი იყო. ეს არცაა გასაკვირი, ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი სათამაშო დაწესებულება ჩნდება ახალქალაქში

  • მუნიციპალიტეტი ნაგვის შეგროვებისთვის რეგიონის მცხოვრებთაგან 40 000 ლარს აგროვებს.
  • მუნიციპალიტეტი მომსახურების გაწევიდან 22 000 ლარს მიიღებს.

შემოსავლის მუხლი „ჯარიმები, სანქციები და პენიები“ 450 000 ლარზეა დაგეგმილი. გასულ წელთან შედარებით ამ შემოსავლის 25 000 ლარით გაზრდა იგეგმება. ეს არის ძირითადად შემოსავალი უკანონო მშენებლობისთვის დაჯარიმებიდან, მართვის წესების დარღვევისთვის და ა.შ.