ახალქალაქის ჯანდაცვა 2024 წელს გარკვეული მიღწევებითა და მომავალი წლის ამბიციური გეგმებით ხვდება.
2023 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა, ახალქალაქის ექიმების აზრით, ახალქალაქის საავადმყოფოში ჰემოდიალიზის ცენტრის გახსნაა. მანამდე პაციენტებს, რომლებსაც ეს მომსახურება სჭირდებოდათ, 80-100 კილომეტრის გავლა უწევდათ სერპანტინის გზებზე, რათა გააგრძელებინათ ცხოვრება. ამ შედეგის მიღწევას მრავალი წელი დასჭირდა.
„რა თქმა უნდა, არის ორგანიზაციული საკითხები, არის პირადი, ადამიანური მიდგომები, მაგრამ ამ ყველაფრისთვის ყურადღების მიქცევის გარეშე, ეტაპობრივად ყველა დაბრკოლების გადალახვით მივედით ამ შედეგამდე“, – ამბობს ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერი ალექსან თოროიანი.
ახალქალაქის საავადმყოფოში მიღწევები ტრავმატოლოგიის მიმართულებითაც არის.
„ჩვენ მივიღეთ მოწყობილობა, რომელიც უკვე დამონტაჟებულია. სხეულის სხვადასხვა ნაწილზე (თეძოებზე, მკლავებზე, თითების მოტეხილობაზე და ა.შ.) ყველა ტრავმატოლოგიური ოპერაციის დიდი ჭრილობის გარეშე ჩატარების შესაძლებლობას გვაძლევს. ოპერაციის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ ერთი მცირე ჭრილობით. ამისთვის მრავალი წელი ვიბრძოდით და ბოლოს და ბოლოს, უკვე 6-8 თვეა ეს მოწყობილობა გვაქვს, ეს ასევე მიღწევაა ჩვენი მოსახლეობისთვის“, – ამბობს ის.
რაც შეეხება ქირურგიულ მომსახურებას, ახალქალაქის საავადმყოფოში ქირურგებმა 2023 წელს 380-მდე ოპერაცია ჩაატარეს. ალექსან თოროიანის შეფასებით, ეს საკმაოდ სერიოზული მაჩვენებელია, იმის გათვალისწინებით, რომ ოპერაციები ძირითადად საშუალო სირთულის და რთული იყო.
ალექსან თოროიანი ახალ წელს ოპტიმისტურად უყურებს და დარწმუნებულია, რომ ახალქალაქის საავადმყოფო 2024 წელს სერიოზულ განვითარებას მიაღწევს.
„2024 წლიდან ვგეგმავთ კორონაგრაფიის მომსახურების დანერგვას, რასაც მოჰყვება სტენტირება. ეს არის ამბიციური სურვილი, მაგრამ ეს არ არის მიუღწეველი. ჩვენ გვაქვს ბაზა, რომ ამ საკითხშიც მივაღწიოთ გამარჯვებას. ადგილზე სპეციალისტი გვყავს, გვყავს ექიმი კარდიოლოგი, გადამზადებაზე გადაიგზავნება. მას შემდეგ რაც გვექნება კორონაგრაფიის შესაძლებლობა, გულის შეტევის ან გულის იშემიური დაავადების დროს სტენდირება უკვე ჩვეულებრივი საქმე იქნება, ანუ სირთულე მდგომარეობს კორონაგრაფიაში, ხოლო სტენდირება უკვე ტექნიკური საკითხია“, – ამბობს ის.