2023 წელს ახალქალაქის სერვისცენტრმა 125 ნაგვის ურნა მიიღო, რომელიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში განთავსდა. ისინი დაამატეს როგორც სოფლებში, სადაც უკვე იყო ნაგვის კონტეინერები, ასევე სოფლებში, სადაც ისინი არ არსებობდნენ. 2024 წელს იგეგმება ახალი ნაგვის ურნების, ასევე ნაგვის მანქანის შეძენა.
ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორის, მხითარ რსტაკიანის თქმით, სოფლებში ნაგვის ურნების დამონტაჟების შემდეგ ნაგვის გატანის მომსახურების საფასურის აკრეფაც დაიწყეს.
„სანაგვე ურნები სოფლებში დავამინტაჟეთ, რაოდენობა გავზარდეთ, რომ ნაგვის ფული შეგვეგროვებინა. ოჯახიდან თითო ადამიანმა 0,50 თეთრი უნდა გადაიხადოს, მაგრამ თუ ოჯახში, მაგალითად, 5 ან 7 ადამიანია, მაშინ უნდა გადაიხადოს 4 ადამიანის ღირებულება, ანუ თვეში ორი ლარი. ეს გადაწყვეტილება საკრებულოში მიიღეს. საფასურის გადახდაში ბავშვები არ შედიან“, – ამბობს მხითარ რსტაკიანი.
ყველა სოფელში არის მომუშავეები ხელშეკრულების მიხედვით, რომლებიც ამ თანხას აგროვებენ.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელს იგეგმება ახალი სანაგვე ურნების შეძენა. ამ მიზნით, ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდება კონსოლიდირებული ელექტრონული ტენდერი. ახალქალაქის მუნიციპალიტეტი ერთი სანაგვე მანქანის მიღებას მომავალი წლის აპრილში გეგმავს.