ბათუმში, 12-დან 17 დეკემბრამდე, მურმან ვახტანგაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში საქართველოს კრივის ეროვნული ჩემპიონატი მიმდინარეობს. ახალქალაქის სპორტკომპლექსიდან ხუთი სპორტსმენი უკვე გავიდა ფინალში, სამმა მესამე ადგილი დაიკავა.

ჩემპიონატში ახალქალაქის სპორტული კომპლექსის რვა მოკრივე მონაწილეობს. აქედან ხუთი უკვე ფინალშია.

ახალგაზრდებს შორის გრიშა ელიზბარიანი 48 კგ წონით კატეგორიაში და სამველ ღაზარიანი 80 კგ წონით კატეგორიაში არიან.

მოზრდილებში _ გორ აივაზიანი 54 კგ წონით კატეგორიაში, არტიუშ გომციანი 60 კგ წონით კატეგორიაში, არტიომ იორდანიანი 86 კგ წონით კატეგორიაში.

ახალგაზრდულ ასაკობრივ ჯგუფში მესამე ადგილი 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჟირაირ საარიანმა და 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში სერობ მანასიანმა დაიკავა.

ზრდასრულთა შორის მესამე ადგილი დაიკავა არშაკ ელიზბარიანმა, თუმცა, როგორც ტრენერმა და სპორტკომპლექსის დირექტორმა ატომ ელიზბარიანმა აღნიშნა, საჩივარი შეიტანა, რადგან, მათი აზრით, მოსამართლეებმა არასწორად შეაფასეს ელიზბარიანის ბრძოლა.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში მონაწილეობისთვის იბრძვიან, მოზარდები კი, გამარჯვების შემთხვევაში, ოლიმპიური საგზურისთვის იბრძოლებენ. ისინი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაშიც იქნებიან.

ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობენ 2006-2007 წლებში და 1983-2005 წლებში დაბადებული მოკრივეები.

შეჯიბრში მონაწილეობენ სხვადასხვა ქალაქების გუნდები, მოკრივეები ასპარეზობენ მოყვარულთა კრივის მსოფლიო ფედერაციის მიერ დამტკიცებულ წონით კატეგორიებში.