ახალქალაქში, ახალგაზრდული ცენტრის ოფისში, მეწარმეებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ბიზნეს-პროექტის დაწერის და საგრანტო კონკურსებზე განაცხადის შეტანაზე ტრენინგი ჩატარდა და კონკრეტულად „ერთობა მრავალფეროვნების მეშვეობით“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსზე, რომელსაც UNA Georgia ახორციელებს.
ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთი გაიცნეს და წარმოადგინეს თავიანთი ბიზნეს-იდეები. ტრენერმა გურამ საღარაძემ ისაუბრა, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს სწორი ბიზნეს-იდეა, დეტალურად განმარტა აპლიკაციის ყველა პუნქტი და მაგალითებით აჩვენა რა და როგორ უნდა დაიწეროს, რათა ბიზნეს-იდეა ინვესტორს სწორად წარედგინოს.
საგრანტო კონკურსი United Nation Association Georgia USAID-ის „Unity through diversity“ პროგრამის ფარგლებში გამოაცხადა.
USAID-ის პროექტი „ერთობა მრავალფეროვნების მეშვეობით“ მუშაობს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ კონკრეტულად მიზნად ისახავს შემდეგ რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებს:
ქვემო ქართლი – დმანისი, მარნეული, წალკა, ბოლნისი, გარდაბანი
სამცხე – ჯავახეთი – ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა
მთიანი აჭარა – შუახევი, ქედა, ხულო
კახეთი – ახმეტა, საგარეჯო, ყვარელი, ლაგოდეხი
პროგრამის პრიორიტეტები იყოფა 2 კატეგორიად:
სამოქალაქო მონაწილეობა, ადვოკატირება (არასამთავრობო სექტორი). უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაცია და ჩართულობა სახელმწიფოს მშენებლობასა და საჯარო სერვისებში აქტიური მონაწილეობით, თანასწორობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხარდაჭერით.
ბიზნესი (კერძო სექტორი): ეკონომიკური ინტეგრაცია ეროვნული და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერით, განავითარონ თავიანთი ბიზნესი უმცირესობათა რაიონებში და უზრუნველყონ მათთვის რესურსები, საექსპერტო ცოდნა, ინფრასტრუქტურა, ბაზრის კავშირები, უნარები, სამუშაო ადგილები და ახალგაზრდების შესაძლებლობები ეკონომიკური ჩართულობისთვის.
ინდივიდუალური გრანტები მერყეობს $2,500-დან $120,000-მდე. UNA-Georgia იტოვებს უფლებას დაუშვას დაფინანსების უფრო მაღალი ზღვარი, სადაც ეს შესაძლებელია. UNA-Georgia-ს შეფასებით, ყოველწლიურად დაახლოებით 15-20 გრანტი გაიცემა.
გრანტები არასამთავრობო სექტორისთვის გულისხმობს სრულ დაფინანსებას, ხოლო ბიზნესისთვის განმცხადებელმა თანადაფინანსება უნდა მოახდინოს გრანტის 50%-ის ოდენობით.
გრანტის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის შერჩევის კრიტერიუმები, პრიორიტეტები, განაცხადის პროცესი, ანგარიშგების მოთხოვნები და მონიტორინგი და შეფასება შეგიძლიათ იხილოთ აქ.