ინდივიდუალური მეწარმე არარატ ოგანესიანმა LAG-ის მიერ ევროკავშირის ENPARD-2 პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის დახმარებით, აეროგადაღების მოწყობილობა ზუსტი GPS მიმღებით შეიძინა. ტექნიკა მეწარმეს 2 წელი ემსახურებოდა, ახლა ის უმოქმედოა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაციის წესში ცვლილებების გამო.
საქართველოს მასშტაბით მიწის რეგისტრაციის პრობლემა აქტუალური იყო და რჩება. მუნიციპალიტეტში უმრავლესობამ მიწის ნაკვეთები არ დაარეგისტრირა. რეგისტრაციისას ზოგიერთს აეროკამერის არაზუსტი მუშაობის პრობლემა შეექმნა, ხშირად სექციები ერთმანეთს ემთხვეოდა. არარატ ოგანესიანმა და მისმა მეგობარმა თეიმურაზ მანველიანმა გადაწყვიტეს მონაწილეობა მიეღოთ ევროკავშირის კონკურსში ზუსტი GPS მოწყობილობის შესაძენად და აეროფოტოგრაფია დაეწყოთ.
მათ მონაწილეობა მიიღეს ლოკალური განვითარების ჯგუფის – LAG -ის კონკურსში და გრანტი მოიპოვეს. პროექტის საერთო მოცულობამ 35 000 ლარი შეადგინა, საიდანაც 12 250 ლარი თვითდაფინანსებაა, 22 750 გრანტი. ინდიმეწარმე არარატ ოგანესიანმა გრანტით GPS მოწყობილობა და საოფისე ინვენტარი შეიძინა.
“დიდი მოთხოვნა იყო, ხალხი კმაყოფილი იყო. ასეთი სიზუსტის აპარატი ჩვენს ქალაქში არ არსებობდა. ბევრი მოგვმართავდა, პირადად გვეცნობოდა, გვენდობოდა, ჩვენ ვაკონტროლებდით მთელ ჯაჭვს”, – ამბობს არარატ ოგანესიანი.
გრანტი 2019 წელს მოიპოვეს. სამწლიანი მუშაობის განმავლობაში ყველა სოფელი მოინახულეს, გადაიღეს და 600-მდე მიწის ნაკვეთი დაარეგისტრირეს. ერთი განყოფილების აერო გადაღება 50 ლარი ღირს. განმცხადებლების უმეტესობამ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები დაარეგისტრირა.
2022 წლის იანვრიდან ამ მიწების რეგისტრაციის პროცესი შეჩერებულია. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ლეგალიზაციისა და იდენტიფიკაციის პროცესში განხორციელებული რეფორმის შედეგად მუნიციპალიტეტების მერიებმა ამ პროცესში მონაწილეობა შეწყვიტეს. 2022 წლიდან 2024 წლამდე მიწის რეგისტრაციის მთელ პროცესს საჯარო რეესტრი განახორციელებს. პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს, მათ შორის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.
არარატ ოვანესიანი ვერ იმუშავებს, რადგან უთხრეს, რომ მიწის რეგისტრაციის ახალი წესით მას შეუძლია კონკურსში მიიღოს მონაწილეობა და დასაქმდეს, მაგრამ თავის რეგიონში მუშაობას ვერ შეძლებს.
„თბილისში წავედით, გვითხრეს, რომ შენს რაიონში არ შეგიძლია მუშაობა, ხელფასს 1000 ლარს იხდიან და ალბათ სხვა მუნიციპალიტეტში ვიმუშავებთ, უარი ვუთხარით, ასე, რომ სამუშაო შეგვიმცირდა, ახლა მხოლოდ მათ ვემსახურებით, ვინც დაარეგისტრირებს სახლს ქალაქში გაყიდვის ან ყიდვის მიზნით. ყველა განრიგს ელოდება“, – განმარტა არარატ ოგანესიანმა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მიწის რეგისტრაცია მხოლოდ მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყება. მანამდე საჯარო რეესტრი კადრებს იღებს.
ვისაც მიწის განრიგის გარეშე დარეგისტრირება სურს, საჯარო რეესტრში თითოეულ ნაკვეთზე 300 ლარი + აეროფოგრაფიისთვის 50 ლარი უნდა გადაიხადოს.
მართალია, თანადაფინანსების ოდენობა, რომელიც მან პროექტში ჩადო, 2 წლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად დაიფარა, მაგრამ მეწარმეები სიტუაციის ასეთ შებრუნებას არ ელოდნენ და ახლა გაურკვევლობაში არიან.