5 ქალი ახალქალაქის, კუმურდოდსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზს (ფაჩუაშვილი) ათწლეულების წინ მომხდარ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, აღნიშნულია რადიო “თავისუფლებას” მასალაში. თავად მიტროპოლიტი ამ ბრალდებებს ცილისწამებად მიიჩნევს.

რადიო „თავისუფლების“ მასალაში 33 წლის ლელა კურტანიძე ღიად საუბრობს მომხდარზე და ამბობს, რომ მას 10 წელზე მეტი დასჭირდა, ხმამაღლა საუბარი რომ გაებედა. რადიო თავისუფლება ლელას გარდა კიდევ არაერთ ქალს ესაუბრა, რომელთა ნაწილი შევიწროებაზე, ნაწილი კი სექსუალურ ძალადობაზე ჰყვება. მათგან ერთი ქალი ამბობს, რომ მიტროპოლიტის სექსუალური შევიწროების მსხვერპლი როცა გახდა, არასრულწლოვანი იყო. ერთის ამბავი საქართველოს ფარგლებს გარეთ, გერმანიაში ვითარდება. სამმა ქალმა კი, ლელას მსგავსად, სტუდენტობისას, ჯავახეთის ექსპედიციაში გაიცნო ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.

ყველა ქალს აერთიანებს ის ფაქტი, რომ სხვადასხვა დროს ისინი ჯავახეთში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციის მონაწილეები იყვნენ. ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიცია საზაფხულო ბანაკია, რომლის მონაწილეები ორი კვირის განმავლობაში ახალქალაქის ეპარქიის ეკლესია-მონასტრებს ეხმარებიან. ნიკოლოზი ამ ეპარქიის მიტროპოლიტია.

ლელა კურტანიძის გადმოცემით, ჯავახეთში ექსპედიციის დროს მან ცურვა არ იცოდა და მიტროპოლიტმა მას სწავლება შესთავაზა.

„როცა ხელებს უხერხულ ადგილებში მკიდებდა, ვკრთებოდი, ვცდილობდი მოშორებას და წყალში ვვარდებოდი. ამ დროს მეკითხებოდა, „რას შვრები, რატომ აფუჭებ ყველაფერს“. ისე მეკითხებოდა, თითქოს მე ვაკეთებდი რაღაც არაადეკვატურს. ხან გავიწევდი, ხან თავის დახსნას ვცდილობდი, მაგრამ უფრო ვემორჩილებოდი. პირველივე დღეს მაკოცა, არა ტუჩებში, მაგრამ ისე, რომ რაღაც ზედმეტად ინტიმური იყო.“

სტატიის შემდეგი გმირი ყვება, რომ ექსპედიციის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა დაიბარა და “სამომავლო გეგმებზე” ჰკითხა.

სხეულზე მეხებოდა. ოღონდ ეს არ იყო შემთხვევითი შეხებები. გაოგნებული ვიჯექი და შოკისგან ვერ ვხვდებოდი რა უნდა მექნა, გონებაში ფიქრები უსწრაფესად ბრუნავდა, წარმოდგენა არ მქონდა, რომ ადამიანი, რომელიც ბახს გვასმენინებდა წინა დღეს, ამაღლებულ სიყვარულსა და მათეს პასიონზე გვესაუბრებოდა, რამე ამორალურის ჩამდენი იყო. უბრალოდ ვერ ვიჯერებდი, ან არ მინდოდა დაჯერება.

წასვლისას მითხრა, რომ ის, რაც მოხდა, იყო შესანიშნავი და ამაღელვებელი, რომ მე განსაკუთრებული ვარ, მიძინებული ენერგიის მატარებელი, ულამაზესი სხეული და ძუძუები მაქვს, ძლიერი და ლამაზი ფეხები და რომ ჩვენი შეხვედრები საიდუმლოდ უნდა დავტოვოთ“ – ქალი ყვება “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტთან.

სხვა ქალების ისტორიები, ასევე ქართულ ენაზე მთლიანი მასალის წაკითხვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში მაღალი რანგის სასულიერო პირს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

Jnews-მა მიტროპოლიტ ნიკოლოზს რადიო „თავისუფლების“ მასალის სიუჟეტების შესახებ კითხვებით მიმართა. ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა გვიპასუხა, რომ ეს არის ცილისწამება.

„კანონის უზენაეს ქვეყანაში ბრალდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა იქნეს წარდგენილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდება ცილისწამებად იქცევა და მისი მიზანი მხოლოდ რეპუტაციის შელახვაა“, – წერს ის კითხვებზე საპასუხოდ.

კითხვაზე, აპირებს თუ არა რაიმე სახის რეაგირებას მასალაზე, მან შემდეგი გვიპასუხა:

„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში კანონმდებლობა ცილისწამებას დანაშაულად არ მიიჩნევს, რაც შეცდომაა, ამიტომ სასამართლოში ჩივილს აზრი არ აქვს”.

ხოლო კითხვაზე, რატომ გამოქვეყნდა ეს მოთხრობები ახლა, მან გვიპასუხა:

„ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიების მართვის გარდა, აქტიურად ვმონაწილეობ ქვეყნის სოციალურ ცხოვრებაში. როგორც ჩანს, ვიღაცის გზა გადავკვეთე. ეს არ არის ცილისწამების პირველი შემთხვევა ეკლესიისა და პირადად ჩემს მიმართ. რამდენიმე წლის წინ ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაში ერთ-ერთ წამყვან ოპოზიციურ ტელეარხზე საჩივარი შევიტანე და მოვიგე, მაგრამ ამისგან არაფერი შეცვლილა – ეკლესიის მიმართ ცილისწამება გრძელდება. რამდენიმე წლის წინ ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი საჯარო ცილისწამებუს მსხვერპლი გახდა, გასაკვირი არაფერია. ჩემთვის მთავარია რას ფიქრობენ ჩემზე ჩემი ახალქალაქელები და კიდევ რით შემიძლია ვემსახურო მათ!”