ახალქალაქის ოფიციალურ გვერდზე – www.akhalkаlаki.gе , მალე ახალი აპლიკაცია გამოჩნდება, სადაც იმ მძღოლების სანომრე ნიშნები გამოქვეყნდება, რომელთა დარღვევებიც კამერებმა დააფიქსირა, თუმცა ტელეფონის ნომრით, ან ფოსტით ვერ აცნობეს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საქართველოს პარლამენტმა შესწორებები 2020 წლის ივნისში შეიტანა. ამ ცვლილებების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მონაწილეობას მიიღებენ მოძრაობის წესების დამრღვევებისთვის ქვითრების მიწოდებაში. თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების ცენტრში ავტომანქანის სახელმწიფო ნომერზე არ ფიქსირდება მძღოლის ტელეფონის ნომერი, ამ შემთხვევაში, “ჭკვიანი კამერების” მიერ დაფიქსირებული დარღვევა, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მერიას უნდა გადაეცეს.
ჯარიმების გარდა გვერდზე, ასევე, გამოქვეყნდება ის ადგილები, სადაც წელიწადში ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა და უბედური შემთხვევა ხდება, ასევე პარკირებასთან დაკავშირებული დარღვევები.
მერიის იურიდიული სამსახურის ადმინისტრაციული და იურიდიული განყოფილების უფროსის, ვრეჟ ბერიკიანის თქმით, მუნიციპალიტეტმა კანონდამრღვევთა შეტყობინების შესახებ ახალი დებულებები მიიღო.
«ჯარიმების გარდა არის მუნიციპალიტეტის ავტოგზების შავი ლაქები, სადაც ყველაზე მეტი სიკვდილი ფიქსირდება, ჩვენ ადგილობრივი დანიშნულების მსგავსი ადგილები არ გვაქვს, პრობლემური გზები საერთაშორისო დანიშნულების გზებია და პარკირების ჯარიმებიც არ არის ბევრი», – თქვა ვრეჟ ბერიკიანმა.
«ჭკვიანი კამერები» ახალქალაქში 2017 წლიდან არსებობს, თუმცა ისინი დღემდე არ აფიქსირებენ დარღვევებს. ქალაქში 9 ადგილას 18 ერთეული კამერაა დამონტაჟებული.
«ჭკვიანი კამერების» მიერ გამოწერილი ჯარიმების 60% გადაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში, ხოლო დარჩენილი 40% ცენტრალურ ბიუჯეტში.
ვრეჟ ბრიკიანის თქმით, სავარაუდოდ, სანამ ქვითრების გამოქვეყნებისთვის ვებგვერდი არ შეიქმნება, მერიაშიც არ გამოყოფენ თანამშრომელს, რომელიც რეგისტრაციისა და გამოქვეყნების საკითხებით დაკავდება, კამერები არ დააფიქსირებენ მძღოლების ჯარიმებს.
თუკი შინაგან საქმეთა სამინისტროს მანქანის ნომრების მომსახურების ცენტრში მძღოლის ტელეფონის ნომერი არ არის თანდართული, შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეული დარღვევის შესახებ ინფორმაციას და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მერიას გადასცემს. მერია (კანონდარღვევას და მის ჯარიმას) 30 დღის განმავლობაში გზავნის ამ მძღოლის რეგისტრაციის ფაქტობრივ მისამართზე, თუ პირი არ იღებს, კვლავ იგზავნება არაუადრეს 30 დღისა და არაუგვიანეს 60 დღისა. მას შემდეგ, რაც დამრღვევი არ მიიღებს ქვითარს, ინფორმაცია განთავსდება ახალქალაქის გვერდზე და ის უკვე ითვლება საჯარო შეტყობინებად. გამოქვეყნებიდან 30 დღის შემდეგ, ინფორმაცია დამრღვევის მხრიდან მიღებულად ითვლება.