სოფლის ერთ-ერთი მკვიდრის, სერჟო კუროიანის ინიციატივით, 11 ნოემბერს, ბუზავეთში სოფლის დღე აღნიშნეს. ახლა დღესასწაულის აღნიშვნა ყოველწლიურად დადგენილ თარიღზე იგეგმება.
სოფლის მცხოვრებლებმა სერჟო კუროიანის, უცხოეთიდან ჩამოსული სხვა სტუმრების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ხელმძღვანელობით სამხთო დაკლეს სოფლის ძველ ეკლესიაში, დაანთეს სანთლები და შემდეგ სოფლის ცენტრში სადღესასწაულო კონცერტზე შეიკრიბნენ. ბუზავეთის სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა წარმოდგენები მოამზადეს – სიმღერები, ცეკვები, ლექსები და ასევე თანამოსწრებს უამბეს სოფლის ისტორია.
დღესასწაულის სიურპრიზი იყო სიმღერა სოფელზე, რომელიც თავად კუროიანმა მოამზადა და ამ მნიშვნელოვან დღეს მოსახლეობას მიუძღვნა. სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ მალე მზად იქნება სიმღერის კლიპიც, რომელშიც ყველა დამსწრე იქნება ჩართული.
„იდეა დიდი ხნის წინ იყო. სოფლისთვის საქველმოქმედო საქმიანობას საკმაოდ დიდი ხანია ვაკეთებ: სპორტული დარბაზი, სათამაშო მოედანი. ხალხის გაერთიანება მინდოდა, მხოლოდ ამ დღესასწაულით შეგვიძლია გაერთიანება. არის სხვა პროექტებიც, მაგალითად, გაზიფიცირება, სასაფლაოს შემოღობვა, გზები, ფეხბურთის სტადიონის აღდგენა. ერთი სიტყვით გასაკეთებელი ბევრია, რაც უნდა განვახორციელოთ“, – კომენტარი გააკეთა სერჟო კუროიანმა.
მისი თქმით, გენერალური მიზანი სოფლიდან მიგრაციის შეჩერებაა.
კონცერტის დასრულების შემდეგ ბუზავეთის მცხოვრებლებმა მეორე მსოფლიო ომის გმირების ძეგლი ყვავილებით შეამკეს.