ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკიოში მოსახლეობა ხაზგასმით აღნიშნავს გზის ცუდ მდგომარეობას, ნაგვის ურნების და ღამის განათების ნაკლებობას. პასუხისმგებელი პირების დაპირებით, წელს ყველა ეს პრობლემა ნაწილობრივ ან მთლიანად მოგვარდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი კოკიო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. სოფელში 84 მეურნეობაა, რამდენიმე ათეული წლის წინ 110 იყო. აღვნიშნავთ, რომ სოფელი უზრუნველყოფილია სასმელი წყლით, გაზიფიცირებულია, სოფელში არის საბავშვო მოედანი. სოფლის სკოლა არის საბაზო, 9 წლიანი.
მოსახლეობის თქმით, მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებთან შედარებით სოფელს არც თუ ისე ბევრი ოჯახი ტოვებს. სოფელი პატარაა, თუმცა არც ისე პატარა პრობლემებით.
მოსახლეობა მთავარ პრობლემად გზების ცუდ მდგომარეობას ასახელებს.
მცხოვრები ალბერტ ფილოიანი ამბობს, რომ გზების მდგომარეობა ცუდია და არ არის ნაგვის კონტეინერები.
„გზებთან დაკავშირებული პრობლემა გვაქვს. დაგვპირდნენ, რომ 15 აპრილს დაიწყება სამუშაოები, მაგრამ ჯერ არ დაწყებულა. სოფელში ნაგვის კონტეინერი არ არის, ყველას თავისი ნაგავი ვარევანში მიაქვს, იქ არის ნაგვის ურნები. სოფლის გარეუბანში არის ხელოვნური ნაგავსაყრელი, ყრიან იქ, ზოგი ნაგავს წვავს“, – ამბობს ალბერტ ფილოიანი.
ვარევანი-ალასტანი-კოკიოს გზის (6 კმ-ზე მეტი) ასფალტირება რეგიონული ფონდიდან ხორციელდება, ამისთვის 3 521 276 ლარია გამოყოფილი. ამ სამუშაოებისთვის თანხის 95%-ს რეგიონული ფონდი გამოყოფს, 5%-ს მუნიციპალიტეტი. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები 15 აპრილს უნდა დაწყებულიყო. სამუშაოებზე ტენდერი კომპანია „ჯავახ ავტო გზამ“ 3`063`000.00 ლარის ოდენობით მოიგო. ამ კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ამ ობიექტზე მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია და კონკრეტულად გეოდეზიური სამუშაოები მიმდინარეობს და სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 დღეში დაიწყება. მოასფალტება სოფელ ვარევანიდან დაიწყება. სამუშაოების დასრულება წელს იგეგმება.
ნაგვის ურნების საკითხიც შესაძლოა მოგვარდება. ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორის, მხითარ რსტაკიანის თქმით, ნაგვის ურნების შეძენისას სოფელ კოკიოშიც დაამონტაჟებენ.
სოფლის მკვიდრი არტურ დავთიანი ამბობს, რომ სოფელში არ არის საკმარისი განათება.
„განათება არის, მაგრამ მეტია საჭირო, რომ ყველა ქუჩაზე იყოს“, – თქვა არტურ დავთიანმა.
აღვნიშნავთ, რომ წელს „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით სოფელ კოკიოს მოსახლეობა სოფელში ღამის განათებას დაამატებს.
სუსანა ვოსკანიანი დარჩენილ კარტოფილს უჩივის.
„მე მაქვს 2 ტონა მსხვილი და 3,5 ტონა სათესლე კარტოფილი. მთელი წელი ვმუშაობთ და ვერ ვყიდით, რით ვიცხოვროთ სოფლის მოსახლეობამ“, – ამბობს ის.