ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის მცხოვრებლები პირველადი პრობლემების ჩამონათვალში საბავშვო ბაღის არარსებობას ასახელებენ.
სოფლის ბავშვები ვაჩიანის საბავშვო ბაღში დადიან. აღნიშნავენ, რომ თუ სოფელში საბავშვო ბაღი აშენდება, ოკამას საბავშვო ბაღში სოფელ ქარცეფის და აზმანას ბავშვებიც შეძლებენ სიარულს.
„ჩვენი სოფლიდან რამდენიმე ბავშვი სოფელ ვაჩიანის საბავშვო ბაღში, დანარჩენი კი გოგაშენში დადის. სოფელში საბავშვო ბაღის არსებობა აუცილებელია. ოკამშიც იყოს, ბავშვები ადგილზე ივლიან საბავშვო ბაღში და სამუშაო ადგილები შეიქმნება“, – განმარტავს ოკამას მცხოვრები ჰოვანესი.
აღნიშნავს, რომ სამი სოფლის მოსახლეობა დაახლოებით 220 ოჯახია, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი რიცხვია მათ სოფელში საბავშვო ბაღის გასახსნელად.
ოკამიდან 12 ბავშვი ვაჩიანის საბავშვო ბაღში სწავლობს, ხოლო 12 ბავშვი აზმანადან, ქარცეფიდან და აფნიადან გოგაშენის საბავშვო ბაღში დადის.
ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი ანაიდა ასატურიანი ამბობს, რომ ოკამაში საბავშვო ბაღის აშენების პროექტი არ აქვთ, რადგან ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი უკვე არის.
„ძირითადად, თუ საბავშვო ბაღებს ვაშენებთ, აქცენტს იმ სოფლებზე ვაკეთებთ, რომლებიც შორსაა და ახლომდებარე რაიონებში საბავშვო ბაღი არ არის, მაგალითად, ხავეთში, ზაქში, ალასტანში“, – განმარტავს ანაიდა ასატურიანი.