ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა უკვე 6 წელია ექსპლუატაციაშია შესული. რკინიგზის კოლეჯი თბილისში 4 წელია ფუნქციონირებს. Jnews-მა შეეცადა გაერკვია, მიიღეს თუ არა სამსახური კოლეჯის სტუდენტებმა ჯავახეთიდან და როგორია ბაქო-თბილისი-ყარსზე დასაქმების მდგომარეობა.
მიუხედავად იმისა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ ოფიციალურად დაიწყო ოპერირება 2017 წელს, “ახალქალაქის” სადგური უფრო სამშენებლო ობიექტს ჰგავს, ვიდრე დასრულებული, მოქმედი საერთაშორისო ინფრასტრუქტურის ნაწილს.
როდესაც ბაქო-თბილისი-ყარსის მშენებლობა დაიწყო, საქართველოს პირველი პირები დაპირდნენ, რომ მომუშავეების 80% ადგილობრივები იქნებოდნენ. მაგრამ მშენებლობის დროს ჯავახეთიდან მხოლოდ რამდენიმე იყო დასაქმებული. ადგილობრივებიდან, ანუ საქართველოს მოქალაქეებიდან, სამშენებლო კომპანიებმა ბევრი მარნეულიდან დაიქირავეს. კითხვაზე, თუ რატომ არ მიიღებენ ადგილობრივებს, ჯავახეთის კომპანია ”აზერინსაატსერვის”ში, რომელიც მშენებლობის პასუხისმგებელი იყო, ამბობდნენ, რომ ადგილობრივებმა ტექნიკის მართვა არ იციან.
2019 წელს თბილისში სარკინიგზო და სატრანსპორტო კოლეჯი გაიხსნა. კოლეჯის პრეზენტაცია ახალქალაქშიც გაიმართა. ახალქალაქელებს ბაქო-თბილისი-ყარსხე სამუშაოს პოვნის შესაძლებლობა და იმედი გაუჩნდათ.
შპს “მარაბდა-კარწახის რკინიგზამ” და რკინუგზის სატრანსპორტო კოლეჯმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის თანახმადაც კოლეჯის დამთავრებული სტუდენტები ბაქო-თბილისი-ყარსზე უნდა დასაქმდნენ.
შეძლებენ თუ არა ადგილობრივი სპეციალისტები ბაქო-თბილისი-ყარსზე მუშაობას- საკითხავია
ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან ოთხმა ადამიანმა 2019 წელს თბილისის რკინიგზის კოლეჯში ჩააბარა. ისინი იყვნენ პირველი კოლეჯის სტუდენტები ახალქალაქიდან. მათ შორის არის ორი სოფელი სულდადან, ერთი ოკამიდან და ერთი სოფელ დადეშიდან.
არტაშეს მოვსესიანი სოფელ დადეშიდან არის. ის არის ახალქალაქის ოთხი სტუდენტიდან ერთ-ერთი, ვინც რკინიგზის კოლეჯში 2019 წელს ჩაირიცხა. არტაშესი 2 წელი სწავლობდა “ლოკომოტივის მართვის” პროგრამაში. მაგრამ სწავლის შემდეგ მან კოლეჯში არ გაიარა სტაჟირება, შესაბამისად არ მიიღო დიპლომი და არ მუშაობს.
მისი თქმით, პრობლემა ის არის, რომ კოლეჯის ადმინისტრაციამ ახალქალაქში სტაჟირების გავლა არ დაუშვა, ხოლო გორში, თბილისში ან ხაშურში 6 თვიანი სტაჟირების გავლა ყველას არ შეუძლია.
„ჩვენ ფინანსურად ვერ ვახერხებთ კვირაში ორჯერ იქ სიარულს, ხოლო ბინის დაქირავება ძვირია. თვეში 100 ლარი უნდა გადაეხადათ ჩვენთვის ექვსი თვის განმავლობაში, ხოლო ეს ძალიან ცოტაა. შესაძლოა პრაქტიკის შემდეგ ახალქალაქში სამუშაო გვეპოვა, თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით რამდენად შესაძლებელია “, – თქვა არტაშეს მოვსესიანმა.
ის იმედოვნებს, რომ სტაჟირებას გაივლის და დასაქმდება, რადგან მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებულია. არტაშესი კმაყოფილია კოლეჯში სწავლის ხარისხით.
ჩვენი ინფორმაციით, ოთხი პირველი სტუდენტიდან ერთმა სტუდენტმა სწავლა არ გააგრძელა და სტაჟირებამდე ვერ მიაღწია, დანარჩენებმა პრაქტიკა ვერ გაიარეს.
კოლეჯში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სტუდენტებიც სწავლობდნენ, მაგრამ ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან სტუდენტების ზუსტი რაოდენობის გარკვევა ვერ მოხერხდა. თბილისის რკინიგზის კოლეჯის შემსრულებელი მენეჯერი შოთა მარგიშვილი ამბობს, რომ სტატისტიკა ჯერ არ აქვთ.
ვაღარშაკ ანტონიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკადან არის, მუშაობდა ბაქო-თბილისი-ყარსზე და პროფესიული განათლების მიღება გადაწყვიტა. სწავლობდა თბილისის რკინიგზის კოლეჯში “ლოგისტიკის” პროგრამაზე.
„ბაქო-თბილისი-ყარსზე ვმუშაობდი, კოლეჯის არსებობის შესახებ გავიგე და სასწავლებლად წავედი. სწავლის შემდეგ ჩემი სტატუსი გაიზარდა, უფროსი გავხდი. პრაქტიკა თბილისში ჩემი ხარჯებით გავიარე“, – ამბობს ვაღარშაკ ანტონიანი.
მაგრამ სტაჟირების გავლის მიზნით მან საკუთარ ხარჯზე შვებულებაში წავიდა.
ვაღარშაკის თქმით, ფოკიდან იყვნენ ბიჭები, რომლებიც მუშაობდნენ და სწავლობდნენ იმისთვის, რომ საბუთი ჰქონოდათ, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც სწავლობდნენ ბაქო-თბილისი-ყარსზე მუშაობისთვის.
ღაზაროს აღაიანი სოფელ ფოკადან ახლა კოლეჯში სწავლობს იმ იმედით, რომ სამსახური ექნება.
“ჯერ ვსწავლობ, ჯერ კიდევ რამდენიმე თვე მაქვს, პრაქტიკა წინ არის, ლოჯისტიკის სპეციალობაზე ვსწავლობ. მე-9 კლასის მერე გამოვედი და კოლეჯში წავედი სასწავლებლად, დიპლომთან ერთად მე-12 კლასის ატესტატსაც ავიღებ. პრაქტიკა დაიწყება შემდეგი სემესტრიდან და გაგრძელდება 14 ივლისამდე, ჯერ არ ვიცი პრაქტიკის შესახებ დაწვრილებით, არ ვარ საქმის კურსში. სწავლის შემდეგ დამპირდნენ დასაქმებას, “ – თქვა ღაზაროს აღაიანმა.
Jnews-ი ასევე ცდილობს გაარკვიოს რამდენი ადამიანი მუშაობს ბაქო-თბილისი-ყარსზე ჯავახეთიდან, რაც საკმაოდ რთულია, რადგან “მარაბდა-კარწახის რკინიგზის” და ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის ქართულ განყოფილებაზე პასუხისმგებელი ოფიციალური სტრუქტურები ჩვენს თხოვნაზე ოფიციალურ ინფორმაციას არ გვაწვდიან.