როგორც Jnews-ს ახალქალაქის მერიიდან აცნობეს, ახალი რეგულაციების მიხედვით, მერიამ ჯერ უნდა დააჯარიმოს უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობების მესაკუთრეები და მხოლოდ ამის შემდეგ იმსჯელოს ნებართვის გაცემა/არ გაცემაზე, რის შემდეგაც უკანონოდ აშენებული შენობის ლეგალიზება იქნება შესაძლებელი.
წელს ახალქალაქის მერიამ უკანონო მშენებლობისთვის ოთხი მშენებელი დააჯარიმა, მათგან ორი სოფელ კარწახში, ორი კი ქალაქში. ასევე, წინასწარი გაფრთხილება მიიღო 15 ობიექტმა. შედეგად, ადგილობრივ ბიუჯეტში 10 ათასი ლარი ჩაირიცხა. ჯარიმა სოფლებში 1000 ლარია, ქალაქებში 4000 ლარი.
თუ შარშან, 2022 წელს, მერიამ მშენებლობის ნებართვაზე მხოლოდ 43 განაცხადი მიიღო, წელს მხოლოდ 10 თვეში – 50-ზე მეტი. მერიიდან Jnews-ს აცნობეს, რომ წელს მშენებლობის ნებართვაზე განაცხადების რაოდენობა 20 პროცენტით გაიზარდა.
„ხალხი ნელ-ნელა სამართლებრივ სფეროში შემოდის და ერთმანეთისგან უკვე ინფორმირებული არიან, რომ მაგალითად, რაიმე შენობის ან ნაგებობის აშენებამდე, ჯერ მერიასთან უნდა შეათანხმონ, ანუ ნებართვა უნდა მოიპოვონ, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყონ მშენებლობა“, – ამბობს ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი.
მერიას უფლება აქვს ნებისმიერ განცხადებაზე უპასუხოს ერთი თვის ვადაში, განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში – სამ თვემდე.
ახალქალაქის მერია ნებისმიერი მშენებლობის დაწყებამდე მშენებლობის ნებართვის აღებისკენ მოუწოდებს, ხოლო ამის შემდეგ მშენებლობის დაწყება, რაც მოქალაქის ინტერესებში შედის. თუ მოქალაქეს არ აქვს ნებართვა მის მიერ აშენებულ შენობაზე, იგი შემდგომში ვერ შეძლებს მის რეგისტრაციას სახელმწიფო რეესტრში და პრივატიზებას და შესაბამისად გაყიდვას.