18 თებერვალს ახალციხე-ასპინძის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სატვირთოდან მდინარე მტკვარში ნავთობპროდუქტის ჩაღვრის შემდეგ, გარემოს დამცველებმა დაბინძურების კვლევის მიზნით მდინარიდან წყლის სინჯი აიღეს. პასუხი ჯერ არ არის ცნობილი.
შემთხვევის დღეს, 18 თებერვალს, ადგილობრივი მედიის ცნობით, კომპანია “ჯავახ ავტო გზის თანამშრომლებმა გზისპირიდან და მდინარიდან დაღვრილი ბიტუმი შეაგროვეს, ბუნების დაცვის თანამშრომლებმა კი წყლის სინჯები აიღეს მდინარისთვის მიყენებული ზიანის დასადგენად.
გავრცელებული ინფორმაციით, ავზიდან 23 ტონამდე კუპრმა ან ბიტუმმა გაჟონა, ნავთობპროდუქტების ნაწილი მტკვარში ჩაიღვარა.
ექსპერტების წინასწარი შეფასებით, შესაძლებელია მდინარეზე მიყენებული ზიანი დიდი არ იყოს, რადგან ცივ გარემოში ბიტუმი მყარდება და მისი შეგროვება შესაძლებელია.
აღსანიშნავია, რომ იმავე დღეს „ჯავახ ავტო გზის“ თანამშრომლებმა შეაგროვეს გაქვავებული ბიტუმი, თუმცა, რამდენად შეძლეს ყველაფრის შეგროვება ეკოლოგიური ზიანის მინიმალიზაციით, წყლის ლაბორატორიული ანალიზი აჩვენებს.