დღეს, 6 ივნისს, ლიეტუვას ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა ახალქალაქს ეწვია. შეხვდა როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
საელჩოს დელეგაციის არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა ახალქალაქში SEREC-ის ოფისში გაიმართა. ელჩთან ერთად ახალქალაქს ლიეტუვას მთავრობის ეროვნული უმცირესობების დეპარტამენტის უფროსი, ვიდა მონვიდატე და ლიეტუვას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, არტურ ლუდკოვსკი ესტუმრნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას ლიეტუვას წარმომადგენლებმა თავიანთი ქვეყნის ეროვნულ უმცირესობებს ინტეგრაციისა და კომუნიკაციის გამოცდილება გაუზიარეს და დამსწრეთა კითხვებს უპასუხეს. კითხვები ძირითადად ეხებოდა საგანმანათლებლო სისტემას არალიეტუვურ სკოლებში, სახელმძღვანელოებს, დეცენტრალიზაციას, ეროვნულ უმცირესობებს, რომელთაგან 100-მდეა ლიეტუვაში, ასევე სახელმწიფო ენას, ყველაზე დიდი ეროვნული უმცირესობის – პოლონეთის ეთნიკურ უმცირესობებს, რუსი ეროვნების ლიეტუვას მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულებაზე და ა.შ.
ლიეტუვას ელჩის, ანდრიუს კალინდრას განცხადებით, ვიზიტი საგანმანათლებლო ხასიათისაა.
„ყურადღება უნდა მიაქციოთ ქვეყნის ყველა რეგიონს. რამდენჯერმე გავლით ვიყავი და შევთავაზე, რომ ჩვენი დელეგაცია წასულიყო იქ, სადაც სხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობს, ძირითადად იმ ხალხის პატივისცემით, ვინც ქართული სახელმწიფოს ნაწილია. ყველა მონაწილეობს სახელმწიფოს მშენებლობაში, მიუხედავად ასაკისა, რელიგიისა თუ ეროვნებისა. საიდუმლო არ არის, რომ ჩვენ ელჩებს ერთმანეთთან გვაქვს ურთიერთობა, როცა ვურთიერთობთ, ვეძებთ რაში შეგვიძლია დავეხმაროთ ერთმანეთს. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, დიახ ეს იქნება არა მხოლოდ სომხებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონი, არამედ ჩვენ მარნეულშიც ჩავალთ“, – კომენტარი გააკეთა ანდრიუს კალინდრამ.
ელჩმა აღნიშნა ლიეტუველების განსაკუთრებული სიყვარული საქართველოს მიმართ და განაცხადა, რომ ლიეტუვაში არის სომხური საზოგადოება, რომელიც სომხეთში სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ გაიზარდა.