27 ოქტომბერს მცხეთაში გამართულ “შემოდგომის რიტმები” ცეკვის ფესტივალზე “ბეჟანო” ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფი იურა იაილოიანი “ამაგდარის” ორდენით დაჯილდოვდა.
ცეკვის ანსამბლი „ბეჟანო“ მიწვეული იყო ცეკვის ფესტივალზე „შემოდგომის რიტმები“, რომელიც ორგანიზებული იყო ცეკვის ხელოვნების კავშირის მიერ.
იურა 15 წელია ცეკვით არის დაკავებული, 2013 წელს ცეკვის ანსამბლი „ბეჟანო“ დააარსა და დღემდე მონაწილეობს სხვადასხვა ფესტივალებსა და კონკურსებში.
„ჩემთვის დიდი ჯილდო იყო, რომ დამიფასეს, დააფასეს ჩემი ერთგულება ჩემი საქმისადმი, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც მავალდებულებს კიდევ უფრო მეტი ვიმუშაო, უფრო მეტ ფესტივალში მივიღო მონაწილეობა. ეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი მოსწავლრებისა და მათი მშობლების ჯილდოა. ყოველთვის ვგრძნობდი მათ მხარდაჭერას, ჩემთვის დიდი პატივი იყო დაფასება“, – ამბობს იურა.
ანსამბლში ორი ჯგუფია: მოზრდილები და ბავშვები. ზრდასრულთა ჯგუფში ცეკვავს 20 ადამიანი, ხოლო პატარების ჯგუფში 50. კვირაში ორ გაკვეთილს ატარებენ, მაგრამ თუ ფესტივალში აპირებენ მონაწილეობას, მაშინ უფრო ხშირად. იურა აღნიშნავს, რომ ანსამბლის გახსნიდან მოსწაცლეების უკმარისობა არ ყოფილა, სოფლის ბავშვები დიდი სიამოვნებით ესწრებიან, რადგან ბოლო დროს გახსნილ „არმატამდე“ სოფელში დროის გასატარებელი სხვა ადგილი არ იყო. პროფესიონალური პაუზა მხოლოდ კორონავირუსის დროს გააკეთეს.
„ბეჟანო“ ცეკვის ანსამბლმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში არაერთ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.
„ჩვენ სხვადასხვა ფესტივალში მივოღეთ მონაწილეობა, მოვიპოვეთ 1-ლი, მე-2, მე-3 ადგილები და გრან-პრი. ბავშვებს სერტიფიკატები და თასები გადაეცათ. ახლა ჯგუფმა მიიღო მოწვევა, რომ ზაფხულში შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ ფესტივალებში ბულგარეთში, რუმინეთში, თურქეთში და სხვა ქვეყნებში. თუ მოვინდომებთ, შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ ბავშვების მხარდაჭერით და საცეკვაო ხელოვნების კავშირის დახმარებით“, – ამატებს იურა იაილოიანი.
იურა უკვე მეორე წელია სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის დირექტორიც არის. დაამთავრა ვანაძორის მიქაელ თავრიზიანის სახელობის სამხატვრო კოლეჯის ცეკვის განყოფილება. 2014 წელს ჩაირიცხა და დაამთავრა ერევნის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის ვანაძორის ფილიალი, ხოლო 2019 წელს ცეკვის სწავლებაში ბაკალავრის ხარისხი მიიღო.
2014-2019 წლებში სწავლის პარალელურად ახალქალაქის კულტურულ-საგანმანათლებლო ახალგაზრდულ ცენტრში ქორეოგრაფად მუშაობდა. 2019-2020 წლებში კვლავ მუშაობდა ქორეოგრაფად კრასნოდარის რუსეთის სომეხთა კავშირში. 2015 წლიდან მუშაობა დაიწყო სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში სიმღერისა და ცეკვის მასწავლებლად.