ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიას მოსახლეობა კვლავ საპროტესტოდ გამოვიდა. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ სამშენებელო მასალის დატვირთული სატვირთოები მათი სოფლის გავლით გადაადგილდებიან. მანქანებს კარიერებიდან ქვიშა მიაქვთ, რის გამოც, სოფლის მოსახლეობას მტვერი აწუხებს. მერიაში გვატყობინებენ, რომ კარიერების დამქირავებლებს გზის პერიოდულად მორწყვას დაავალებენ, რათა ამტვერება აიცილონ თავიდან.
დღეს, 28 მაისს, სოფელ ხორენიას მოსახლეობა საპროტესტოდ კვლავ გამოვიდა. მათი თქმით, სოფლის ცენტრალური გზა მთლიანად დანგრეულია და მტვრით არის დაფარული. მტვერის გამო ხანდახან შეუძლებელია ქუჩაში, ან ეზოში გასვლა.
სოფლის მოსახლეობა ითხოვს, სატვირთო მანქანებმა ქვიშის გადასატანად შემოვლითი გზით ისარგებლონ , რათა უფრო მეტად არ დააზიანონ გზა და სოფლის მოსახლეობამაც სუფთა ჰაერი ისუნთქოს.
მასის ვარდანიანის თქმით, აღნიშნული პრობლემა უკვე 15 წელია არსებობს, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს.
” აქ ცხოვრება შეუძლებელია. ჩემი შვილიშვილები პატარა ბავშვები არიან, მათ ქუჩაში გასვლა არ შეუძლიათ, ასეთი რამ არ შეიძლება”, – ამბობს მასის ვარდანიანი.
გრაირ ჰოვანესიანის თქმით, კარიერის გზის პირას ჰექტრობით მიწაა განთავსებული, რომლებიც მტვერი იფარება და თითქმის მთელ მოსავალს აფუჭებს.
სოფლის მოსახლეობას სოფელის ავარიული ხიდის მდგომარეობაც აწუხებს და მის გარემონტებას ითხოვენ.
თუ როგორ აპირებს ადგილობრივი ხელისუფლება სოფლის მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისაც აღნიშნული პრობლემის მოგვარებას, ამ კითხვით Jnews-მა მერიას მიმართა.
ახალქალაქის მერის იურიკ უნანიანის თქმით, სოფელი ხორენიას პრობლემის შესახებ ინფორმირებულნი არიან, უახლოეს მომავალში ისინი კარიერის დამქირავებლებს შეხვდებიან და სოფლის გზის პერიოდულად მორწყვას დაავალებენ.
როგორც მერი აცხადებს, კომპანიას ვერ აუკრძალავენ კარიერის გამოყენებას, რადგან მათ ამის ლიცენზია აქვთ.
ხიდის გარემონტებას რაც შეეხება, სამუშაოები 2019 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა ჯერ კიდევ არაფერი გაკეთებულა.