ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჩალში მიმავალ გზაზე, საბჭოთა ორსართულიან, ნახევრად დანგრეულ შენობაში, არაჩვეულებრივი აჟიოტაჟი მეფობს. შენობაში წლობით გამეფებული სიჩუმე ადელინამ და მისმა სამა შვილმა – გალუსტმა, ვრამმა და ესთერმა დაარღვიეს.

ამ ოჯახის მამა, რომელიც სოციალურად რთულ პირობებში ცხოვრობს, დაკავებულია, სასჯელს ცოლის ცემისთვის იხდის. ოჯახი თავს 300 ლარის ოდენობის სოციალური დახმარებით ირჩენს, რასაც სახელმწიფო აძლევს.

tun

კარს ადელინა გვიღებს. ბავშვით ხელში კარის სახელურს ეძებს და სახლში გვეპატიჟება. შიგნით ყველაფერი ძალიან მოწესრიგებულია, ყველა ნივთი თავის ადგილას არის, იმდენად სუფთა და მოწესრიგებულია ყველაფერი, რომ ფიქრადაც ვერ გაივლებ, რომ ოჯახის დიასახლისი მარტო ზრდის სამ შვილს.

soc anapahov3

გალუსტი, უფროსი შვილი, ამბობს, რომ ის უკვე დიდია და დედას ეხმარება. ვრამი, სულ რაღაც ერთი წლით არის უმცროსი გალუსტზე, ჩქარობს მოყვეს ყველაფრის შესახებ. გალუსტი და ვრამი 4 და 5 წლისანი არიან. თუმცა, ისინი ყველაფერს ხვდებიან და დედას ყველა საქმეში ეხმარებიან. ბიჭები პატარა დაიკოს ტანსაცმელსაც კი უცვლიან, აჭმევენ, ეთამაშებიან. დედის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებენ.

soc anapahov4

ადელინა ესოიანმა მეუღლე არარატი, ტაქსიში გაიცნო, შეუყვარდა და ცოლად გაჰყვა. მაგრამ, როგოც თავად ყვება, ერთი დღეც არ გაუტარებია ცემის გარეშე. თავიდან ფიქრობდა, რომ შვილის შეძენის შემდეგ ყველაფერი გამოსწორდებოდა, თუმცა მოგვიანებით მიხვდა, რომ არარატი არ შეიცვლებოდა.

“სიმართლე გითხრათ, პირველივე დღიდან ის არაკეთილსინდისიერად იქცეოდა. როგორც კი ვიგრძნობდი ალკოჰოლის სუნს, ჩუმად ვითმენდი, მეგონა ბავშვი გვყავს და იქნებ ყველაფერი შეიცვალოს”,- ყვება ადელინა.

ადელინას მეუღლე ამჟამად დაკავებულია. ის დათვრა და ცოლს სასტიკად სცემა, მომხდარის მოწმეები გახდნენ პოლიციელები. როგორც ადელინა ამბობს, საკუთარი ნებით ის, ალბათ, არასდროს მიმართავდა პოლიციას.

soc anapaho5

“მორიგი კამათის დროს შემოვიდნენ პოლიციელები, ზუსტად იმ დროს, როდესაც მე ფეხშიშველი ვცდილობდი გაქცევას. მათ დამაბრუნეს უკან, რომ ენახათ რას გააკეთებდა. შევედი და ისევ დამიწყო ცემა. პოლიციელები შემოვიდნენ ზუსტად იმ დროს, როდესაც ის თმაში მწვდა. ადგილზე დააპატიმრეს და წაიყვანეს. მე საჩივარი უკან არ გამოვიტანე, რადგან ჩემი მოთმინების ფიალაც აივსო. ერთხელ ჩაქუჩი ისე გამოისროლა, სიკვდილს სასწაულად გადავურჩი”, – ყვება სამი შვილის დედა.

soc anapaho2

მისი თქმით, მეუღლე ციხიდან 8 ან 9 მარტს გამოვა, მაგრამ ადელინა მასთან ცხოვრებას არ აპირებს.

“ასეა თუ ისე, ჩვენ კანონიერი ცოლ-ქმარიც არ ვყოფილვართ, განქორწინებაც არ არის საჭირო. მე მირჩევნია მარტო აღვზარდო ბავშვები, ვიდრე ცუდ ატმოსფეროში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ის ბრუნდებოდა სახლში და 4-5 წლის ბავშვს აიძულებდა მასთან ერთად დალევას”, – აღშფოთებულია ადელინა.

არარატ ეზეკიანი და ადელინა ესოიანი 2013 წელს დაქორწინდნენ. პირველი შვილი, გალუსტი 2014 წელს დაიბადა, 2015 წელს მეორე ბავშვი, ვრამი შეეძინათ, 2018 წელს კი, გოგონა ესთერი.

ქალბატონის თქმით, თავდაპირველად მისი მეუღლე ტაქსისტი იყო და ჰქონდა ოჯახის რჩენის შესაძლებლობა. ცხოვრობდნენ დაქირავებულ სახლში. თუმცა, დროდადრო ვალები იმატებდა, ქმარმა დაიწო სმა. იძულებულნი გახდნენ ნინოწმინდის მერიისთვის და პარლამენტის დეპუტატისთვის, ენზელ მკოიანისთვის, მიემართათ, რათა საცხოვრებელი ადგილი მაინც ჰქონოდათ.

“ეს ადგილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა გამოგვიყო, ეს ნახევრად დანგრეული შენობაა. ჩვენ ქირით ვცხოვრობდით, პურის ფული არ გვქონდა, თუმცა საჭირო იყო ქირის გადახდა. მივმართეთ ენზელ მკოიანს, საბოლოოდ ეს შენობა გამოგვიყვეს. ახლობლების, მეგობრებისა და მეზობლების დახმარებით დავასხით ბეტონი, რადგან იატაკი დამპალი იყო. ახლა უკვე ნორმალურია, ჩავსვით ფანჯრები, მეტწილად მოვაწესრიგეთ”, – ამბობს სამი პატარა ბავშვის დედა.

Galust

ადელინას არ შეუძლია მუშაობა, მათი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა.
სახელმწიფო ყოველ ბავშვზე 100 ლარს უხდის. ადელინა ცდილობს თანხა ისე გაანაწილოს, რომ მთელი თვე ეყოს და ვალებიც არ ჰქონდეს. არ ჩივის, მისთვის მთავარია ბავშვები იყვნენ ჯანმრთელად და მშვიდ გარემოში იზრდებოდნენ.

ზამთარში ოჯახის სოციალური მდგომარეობა უარესდება. სახლის გასათბობად თვეში 250 ლარია საჭირო. ამჟამად დედისა და შვილების სახსრები, მხოლოდ დახმარებაა, რომელიც ამ თვეში ჯერ არ მიუღიათ. არ იციან, როგორ გადაიხდიან გაზის გადასახადს.

“ვნახოთ, ვისგან შეიძლება ვისესხო, რომ ამ ყინვაში გაზის გარეშე არ დავრჩეთ”, – ამბობს ადელინა.

კითხვაზე, თუ რა სახის დახმარებას ელოდება სახელმწიფოსგან, ან კეთილი ადამიანებისგან, ამბობს: “ჩემი ერთადერთი თხოვნაა – სახლის ჩემს შვილებზე გაფორმება, რომ ყველა შემთხვევაში სახლი გვქონდეს, რომ შემეძლოს თვალებზე მკურნალობა, ცოტათი მაინც, რომ დავინახო”, – ამატებს ადელინა ესოიანი.

Vram

ბავშვობაში ადელინა ლურჯი ხველებით დაავადდა, რაც გაურთულდა და მხედველობა მთლიანად დაკარგა. ჩაუტარდა მკურნალობა, თვალის ბროლი შეუცვალეს, თუმცა გაუფრთხილებლობისა და მშობიარობის შემდეგ ისევ დაუქვეითდა.

“როდესაც ვნერვიულობ, მხედველობა საერთოდ მიქვეითდება. ადამიანებს ვხედავ, როგორც ნისლში, ხმაზე ვხვდები ქალია თუ კაცი. სახლში ვიც,ი სად რა დევს, ხანდახან ვქსოვ ნერვების დასაწყნარებლად. ქუჩის გადაკვეთა შემიძლია, ხმაზე ვხვდები, რამდენად შორს არის ავტომანქანა”, – ყვება ადელინა.

soc anapahov1
ეს ოჯახი წელიწადში ერთხელ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისგან დახმარების სახით 100 ლარს იღებს.