ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ოლავერდი ერთ-ერთი შორეული დასახლებაა. სოფლის მოსახლეობას ბევრი პრობლემა აქვს. ორგანიზაცია „ღია საზღვრები“ სოფელს ესტუმრა, მოსახლეობას მოქალაქეებისთვის საჭირო საჯარო და კერძო სერვისების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სოფლის პრობლემებიც განიხილეს.
პროექტის „ახალქალაქის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური განვითარება ინფორმაციის საშუალებით“ ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შორეულ სოფლებში ორგანიზაცია „ღია საზღვრები“ (Jnews) ახალქალაქში მოსახლეობისთვის არსებული სერვისების გამოყენების, პრობლემების იდენტიფიცირების და მათი გადაჭრის ადვოკატირების შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს ატარებს. ამ მიზნით “ღია საზღვრები” სოფელ ოლავერდს ეწვია, რომელიც აბულის მთის ძირში მდებარეობს.
შეხვედრა სოფელ ოლავერდში არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია საზღვრების“ თანადამფუძნებელმა და Jnews-ის ჟურნალისტმა შუშან შირინიანმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია საზღვრების“ დირექტორმა და ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორმა რიმა ღარიბიანმა გამართეს.
შეხვედრას ძირითადად ახალგაზრდები ესწრებოდნენ. ოლავერდი პირველი იყო იმ სამი სოფლიდან, სადაც როექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში ქალებიც მონაწილეობდნენ, ძალიან აქტიურობდნენ და თავიანთ პრობლემებზე საუბრობდნენ.
შეხვედრაზე მონაწილეები სხვადასხვა საჯარო და კერძო სერვისს გაეცნენ. ინფორმაციის გავრცელების პარალელურად, სოფლის პრობლემებიც განიხილეს.
სოფელ ოლავერდში მცხოვრები ახალგაზრდა დედები ძალიან წუხან, რომ მათ სოფელში საბავშვო ბაღი არ არის. მართალია, სოფლიდან 14 ბავშვი სოფელ ბარალეთის საბავშვო ბაღში ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე გადაჰყავთ, მაგრამ სოფელში ბაღის ასაკის ბავშვი უფრო მეტია და ტრანსპორტირების პრობლემაც ვერ გვარდება. მშობლები ბავშვზე თვეში 30 ლარს იხდიან, რათა მათ ტრანსპორტირების დროს ყურადღება მიაქციონ.
მონაწილეები მოქალაქეობის მიღებისა და აღდგენის, მიწის რეგისტრაციის, დაგროვებითი საპენსიო სისტემის საკითხებით დაინტერესდნენ. ოლავერდში მიწის რეგისტრაციის საკითხი ძალიან აწუხებთ, მოსახლეობა დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს მიწის რეგისტრაციის პროცესი სხვა სოფლებში.
ხალხი სოფელ ოლავერდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობითაც შეშფოთებულია, რადგან ტრანსპორტის არარსებობის გამო ბევრი ადამიანი სახელმწიფო და სხვა სერვისებით სრულად ვერ სარგებლობს.
სოფელში პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტის გახსნის საკითხით სოფელ ოლავრდშიც დაინტერესდნენ. სოფელს ექთანი და ექიმი ჰყავს, მაგრამ ამბულატორია არ არის. ახალგაზრდებს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო და ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამებში მონაწილეობა სურთ.
სოფელ ოლავერდში 150-მდე ოჯახი ცხოვრობს. ძირითადად მეცხოველეობითა და სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი, თუმცა ცოტა სასოფლო-სამეურნეო მიწა აქვთ, ამიტომ მეკარტოფილეობა აქ ისე არ არის განვითარებული, როგორც მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში. მეცხოველეობაშიც ბევრი პრობლემაა. სოფლის მოსახლეობა ამ დროისთვის კარტოფილს ვერ ყიდის, ლიტრ რძეს 1,50 ლარად აბარებენ. ფასი ფერმერებს არ აწყობთ. სოფელში სასმელი წყლის, საძოვრების, გზების პრობლემაცაა.
პროექტს „ახალქალაქის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური განვითარება ინფორმაციის საშუალებით“ ორგანიზაცია „ღია საზღვრები“ საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ დაფინანსებით სოფლების მოსახლეობის დახმარებისთვის ახორციელებს. პროექტის ფარგლებში სოფლების მდგომარეობას სწავლობენ, რის შემდეგაც ის კონკრეტული სამიზნე სოფლები შეირჩევა, რომელთაც ყველაზე მეტი პრობლემა აქვთ. ოლავერდის მოსახლეობასთან შეხვედრამდე Jnews-ი სოფლის პრობლემებს გაეცნო. საინფორმაციო შეხვედრის მთავარი მიზანი არა მხოლოდ მოსახლეობის ინფორმირება, რათა სხვადასხვა სერვისით სარგებლობა მათ შეძლონ, არამედ მათი მოსმენა და მათი პრობლემების გარკვევა იყო. პროგრამის ფარგლებში 4 შეხვედრა გაიმართა და 6 შეხვედრა იგეგმება.