„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტენდერები გამოიძია, რომელიც „ქართული ოცნების“ დონორმა, გაზგამანაწილებელი კომპანიის SJGC-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა რაზმიკ ღუმაშიანმა მოიგო.„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს რაზმიკ ღუმაშიანისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვები და დაადგინოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს.
რაზმიკ ღუმაშიანი ნინოწმინდის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის, გარუშ არზუმანიანის დედის ძმაა. მას ასევე, 2012-2021 წლებში, პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“ არჩეული ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანიის „ეს ჯი გაზ კომპანის“ დირექტორის პოზიცია ეკავა. მას შემდეგ, რაც ენზელ მკოიანმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებელ დეპუტატად იყარა კენჭი და ასევე, „ეს ჯი გაზ კომპანიში“ ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა, რაზმიკ ღუმაშიანმა ყოფილი დეპუტატის ოჯახის კომპანია დატოვა და 2021 წლის აგვისტოში „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 5,000 ლარი შეიტანა.
ღუმაშიანმა ყველა სახელმწიფო შესყიდვა მხოლოდ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიისგან მიიღო, გარდა, 2014 წელს ნინოწმინდის სოფელ დიდი არაგიალის საჯარო სკოლის ერთი პირდაპირი შეყიდვისა (1,950 ლარის ოდენობით).
რაზმიკ ღუმაშიანმა, ბოლო 10 წლის განმავლობაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 49 სპორტული და სათამაშო მოედნის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, ასევე, წყლისა და გაზის გაყვანილობების მოწყობაზე, სულ 35 სახელმწიფო შესყიდვა მიიღო. აქედან, 2013-2015 წლებში, 13 პირდაპირი შესყიდვით 102,948 ლარი დაერიცხა. 2015- 2023 წლებში მოგებული 22 ტენდერით კი ხელშეკრულებები 2,737,762 ლარზე გაუფორმდა. მათ შორის უკონკრენტოდ და სხვების დისკვალიფიკაციით 15 ტენდერი მოიგო, ჯამში, 1,656,847 ლარზე (60.5%)
აღსანიშნავია, რომ რაზმიკ ღუმაშიანმა 2019 წელს მოგებული 163,834 ლარის ღირებულების ტენდერით ნინოწმინდის ბაზარი ააშენა, რომელიც მეხუთე წელია დაკეტილია და მისით დღემდე არავის უსარგებლია.