ახალქალაქში, ჯავახეთის ქუჩაზე წყლის ძლიერი ჟონვა უკვე თითქმის ორი თვეა არ წყდება. ადგილობრივების თქმით, პრობლემა, სავარაუდოდ, წყალმომენაგების მილის დაზიანების შედეგად წარმოიშვა. ამ დროის განმავლობაში წყლის ნაკადის მოცულობა თანდათან გაიზარდა, წყალი ჯავახეთის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩაზე გადავიდა და უკვე მოსახლეობის სახლებში იღვრება, რაც სერიოზულ დისკომფორტსა და შეშფოთებას იწვევს.
სიტუაციას ართულებს სიცივეების დადგომაც. ქუჩაში მიმდინარე წყალი შესაძლოა გაიყინოს და გზა მოჭინჭრულ და საშიშ მონაკვეთად აქციოს, რაც როგორც ფეხით მოსიარულეთა, ისე ტრანსპორტის გადაადგილებას გაართულებს.
მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა უკვე ორი თვეა არსებობს, 9 ნოემბრამდე შესაბამის უწყებებს მისი აღმოფხვრისთვის ეფექტიანი ზომები არ მიუღიათ. ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებმა არაერთხელ მიმართეს სხვადასხვა პასუხისმგებელ სტრუქტურას, მათ შორის გაერთიანებული წყალმომენაგების კომპანიის ცხელ ხაზსა და ახალქალაქის სერვის-ცენტრს. ადგილობრივების თქმით, კომპანიაში განაცხადეს, რომ სარემონტო სამუშაოების დასაწყებად შესაბამის ნებართვას ელოდებიან.
მოსახლეობამ სამუშაოების პროცესის დაჩქარების თხოვნით ახალქალაქის მერიასაც მიმართა.
გასულ კვირას მაცხოვრებლებს ერთიანი სამსახურის „112“ ნომერზე დარეკვაც დასჭირდათ. საქმე პოლიციასაც გადაეცა, საიდანაც ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები განმცხადებელს დაუკავშირდნენ, თუმცა რაიმე ქმედება არ განხორციელებულა.
ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებმა ამ პრობლემის შესახებაც აცნობეს გამოცემა Jnews-ს. ჩვენ ეს საკითხი ახალქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, არმენ მღდესიანთან განვიხილეთ.
მისი განმარტებით, ჯავახეთის ქუჩა საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია, ამიტომ წყალსადენი მილების შესაკეთებლად ქუჩის გათხრა სწორედ ამ დეპარტამენტის ნებართვას მოითხოვს.
„ჯავახეთის ქუჩა საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია, შესაბამისად, დეპარტამენტმა უნდა მისცეს უფლება გაერთიანებული წყალმომენაგების კომპანიის ახალქალაქის სერვის-ცენტრს, რომ გზაზე სარემონტო სამუშაოები ჩაატაროს წყალსადენი მილების რეაბილიტაციის მიზნით. ჩვენ ჩვენი მხრიდან ვეცადეთ, ეს პროცესი დაგვეჩქარებინა“, — აღნიშნა არმენ მღდესიანმა.
Jnews-მა ასევე მიმართა საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რათა გაერკვია, რა ეტაპზეა ნებართვის გაცემის პროცესი. თუმცა, იქ უპასუხეს, რომ საჭიროა წერილობითი მოთხოვნის გაგზავნა, რომელზეც პასუხი 10 სამუშაო დღის განმავლობაში გაიცემა. მხოლოდ ამ პერიოდის განმავლობაში შეძლებენ მოსახლეები მიიღონ ინფორმაცია ქუჩაში წყალსადენი მილების შეკეთების მიმდინარეობის შესახებ.
გამოდის, რომ ქუჩაში წყლის უკონტროლო ნაკადი ორი თვის განმავლობაში, წყლის საცხოვრებელ სახლებში ჟონვა და მოახლოებული ცივი სეზონის გამო ქუჩაში მოყინვის რასკი ჯერ კიდევ არ გახდა საკმარისი საფუძველი პრობლემის გადაუდებლად მოსაგვარებლად. იმ დროს, სანამ პასუხისმგებელი უწყებები კვლავ თავიანთი უფლებამოსილებების გამიჯვნით არიან დაკავებულნი, პრობლემის შედეგებს პირდაპირ ქუჩის მცხოვრებლები განიცდიან.
10 ნოემბერს საქართველოს გაერთიანებული წყალმომენაგების კომპანიის თანამშრომლებმა დაზიანება აღმოაჩინეს და გაჟონვა აღმოფხვრეს.


