ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი ახალქალაქში საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხებზე, ევროინტეგრაციის პროცესის მექანიზმებსა და უპირატესობებზე საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.
24 ოქტომბერს 15:00 საათზე ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრმა ახალქალაქის საჯარო სკოლების პედაგოგებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრა ახალქალაქის საკრებულოს სააქტო დარბაზში გაიმართა.
ცენტრის მიერ მოწვეულმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დინამიკაზე, ევროინტეგრაციის პროცესის მექანიზმებსა და უპირატესობებზე ისაუბრა. მასწავლებლებმა და სკოლის დირექტორებმა მომხსენელს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს.
„საინფორმაციო ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია მასწავლებლები. სამიზნე ჯგუფთან კომუნიკაციის მთავარი მიზანია დასავლური ღირებულებების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის, არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ ცოდნის გაღრმავება და ხელშეწყობა, ასევე მათი აქტიური ჩართვა ინტეგრაციის პროცესებში“, – თქვა სამცხე-ჯავახეთში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა.
25 ოქტომბერს, მსგავსი შეხვედრები ასევე გაიმართება ახალქალაქის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებთან, ასევე სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებთან.