ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის მოსავლის აღება ჯერ არ დასრულებულა, ზოგიერთ სოფელში ყინვის გამო კარტოფილი გაიყინა. რეგიონში მუშახელის ნაკლებობაა, რაც თავის მხრივ იწვევს იმას, რომ ფერმერები უკვე ფიქრობენ მოსავლის ასაღებად ტექნიკა გამოიყენონ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მოსავლის აღება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, განსაკუთრებით ქალაქიდან მოშორებულ სოფლებში, სადაც მოსავლის აღება შედარებით გვიან დაიწყო. ამინდი უარესდება და ფერმერები სერიოზულად არიან შეშფოთებულნი. ისინი ჩქარობენ მოსავლის აღებას, მაგრამ მუშახელს ვერ შოულობენ.
ფერმერების თქმით, წელს კარტოფილის მოსავლის აღება ამინდის პირობების გამო დაგვიანებით დაიწყო, გარდა ამისა, წელს მუშახელის ნაკლებობა იყო. კარტოფილის ერთი მკრეფავი დღეში 70-75 ლარს იღებს, მაგრამ ამ ფასადაც შეუძლებელია მუშის შოვნა.
კარტოფილის მინდვრების ფართობი, სპეციალისტების შეფასებით, წელს არ აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს. თუმცა, ფერმერებთან საუბრისას ირკვევა, რომ ზოგმა წლეულს მეტი კარტოფილი დათესა, იმის გამო, რომ შარშანდელი მოსავლის რეალიზება ვერ მოახერხეს.
მოსავლის აღების სეზონზე დროდადრო არახელსაყრელი ამინდი იყო, ხან თოვდა, იყო დღეები, როცა ღამით ტემპერატურა ნულზე დაბლა ეცემოდა, შედეგად კარტოფილი გაიყინა.
„გაგვიხარდა, რომ წლეულს კარტოფილზე მაღალი ფასი იყო, ამინდმა მოსავალი გააფუჭა და ფასი არც ისე მაღალი იყო, 1 კგ-ზე 80 თეთრამდე დაეცა“, – ამბობს ერთ-ერთი ფერმერი.
სოფელ ორჯაში, ბარალეთში, არაგვაში, პატარა სამსარში და ზოგიერთ სხვა სოფელში კარტოფილის მოსავლის აღება არ დასრულებულა, მიზეზი ის არის, რომ ფერმერები მუშახელს ვერ შოულობენ.
სოფელ ალათუმანში მოსავლის აღება ჯერ არ დასრულებულა, მიზეზი, როგორც ამინდის პირობებია, ისე მუშახელის ნაკლებობა.
სოფელ ალათუმანში მცხოვრები მაკბეტ ტონოიანის თქმით, სოფელში კარტოფილის მინდვრების 5%-ია ასაღებად დარჩენილი.
„სავარაუდოდ, ამ დღეებში სოფელში კარტოფილის მოსავლის აღებას დაასრულებენ, ბევრი აღარ დარჩა, ამინდი არ იძლევა საშუალებას, მუშების შოვნაც რთული იყო. ყინვის შემდეგ, კარტოფილი, რომელიც ზედაპირთან ახლოს იყო, დაახლოებით 30%-ით გაიყინა“, – ამბობს მაკბეტ ტონოიანი.
ფერმერების თქმით, რეგიონში კარტოფილის მოსავლის 70% აღებულია.
სოფელ დიდი სამსარიდან ნასლეტ ოგანისიანი ამბობს, რომ მათ სოფელში მოსავლის აღება უკვე დასრულებულია, მაგრამ პატარა სამსარში ჯერ არა.
„სოფელში მოსავლის აღება უკვე დავასრულეთ, მხოლოდ პატარა სამსარში დარჩა ძალიან ცოტა, ვინც ბევრი დათესა, ჯერ კიდევ კრეფს, თოვლისა და ყინვის შემდეგ კარტოფილი გაყინულია, მიწის ზემოთ, რაც დარჩა, გაიყინა. გუშინ სოფელში კარტოფილის ორი სატვირთო მანქანა მოვიდა. ჩვენი კარტოფილის ფასი 75-80 თეთრია“, – ამბობს ნასლეტ ოგანისიანი.
ახალქალაქის ბიზნესცენტრის დირექტორი, მახარე მაცუკატოვი ამბობს, რომ თუ შარშან რეალიზაციის პრობლემა იყო, წელს პრობლემა მუშახელია, რომელიც ძვირიც არის და დეფიციტურიც.
თუმცა, მახარე ფიქრობს, რომ ფერმერებმა ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე უნდა იფიქრონ.
„ძვირადღირებული სამუშაო ძალა განაპირობებს ახალი ტექნოლოგიების, ასევე მოსავლის აღების ტექნიკის დანერგვის აუცილებლობას. ნამდვილად გვჭირდება მოსავლის ამღები-დამხარისხებელი ტექნიკა. ასევე საჭიროა სეზონური მუშები, რადგან ადგილობრივი სამუშაო ძალა ფერმერებს არ ჰყოფნით“, – ამბობს მახარე მაცუკატოვი.
მუნიციპალიტეტის კარტოფილის ხარისხი წელს კარგია, ფასიც არ არის ცუდი – 1 ლარამდე.
მახარე მაცუკატოვის თქმით, ასეთი ფასი კარტოფილზე შესაძლოა თებერვლის ბოლომდე დარჩეს.