ულამაზესი ფარავნის ტბის ნაპირზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის იმავე სახელწოდების სოფელში მოსახლეობა შიშობს, რომ მათ ისეთივე მომავალი ელის, როგორც მეზობელ ასფარაში, რომელიც გასული წლიდან ოფიციალურად ცარიელ სოფლად იქცა. ბევრ სხვასთან ერთად, მოსახლეობა ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად აღნიშნავს ზოგად განათლებას – სკოლას.
ერთი მასწავლებლის ოთახი და 3 პატარა საკლასო ოთახი – ეს ყველა კი პატარა ხის სახლში. აქ თითქმის ერთი წელია სოფლის 64 სკოლის მოსწავლე მთელ დღეს ატარებს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარავნის ძველი სკოლის შენობა ხის სახლიდან არც თუ ისე შორს მდებარეობს, თუმცა თებერვლიდან ავარიულ მდგომარეობაშია. მასწავლებლების თქმით, ისინი იძულებულნი არიან გაკვეთილებზე სამეზობლოდ ხის სახლში 3 ცვლად იარონ.
გარდა ამისა, სკოლა არის საბაზო, 9 კლასიანი. ბავშვები, რომლებსაც სურთ ზოგადი განათლების მიღება, იძულებულნი არიან ისწავლონ მეზობელ სოფელ ფოკაში, რომელიც ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი.
“როცა ზამთარში ბევრი თოვლი მოდის და გზები არ სუფთავდება, უფროსკლასელები ფოკას სკოლაში ვერ დადიან. ბევრი მე-9 კლასის დასრულების შემდეგ პირდაპირ თბილისში მიდის სასწავლებლად. ის, რომ ჩვენი სკოლა 9 კლასიანია, ჩვენზე ძალიან ნეგატიურად მოქმედებს. მე მე-8 კლასში ვსწავლობ. საბოლოოდ ან მეზობელ სოფელში წავალ სასწავლებლად, ან სხვა ადგილას, რაც ძალიან რთულია, რადგან მშობლებისგან ძალიან შორს ვიქნები. ამჟამად 3 ცვლად ვსწავლობთ, ბოლო სმენის შემდეგ ბავშვები საღამოს 7-8 საათზე მიდიან სახლში, ტვინი ვეღარ აღიქვამს ვერაფერს, მხოლოდ ძილი გინდა. პლუს დღის განმავლობაში მოლოდინში ხარ, რომ სადაცაა გაკვეთილები დაიწყება, შეუძლებელია სადმე წასვლა, სულ დაძაბული ხარ”,- ამბობს მე-8 კლასის მოსწავლე შუშან მკრტჩიანი.
სოფელ ფარავანის ავარიული სკოლა
ბავშვების აზრით, ძველ სკოლაში უფრო მარტივი იყო, იქ გაკვეთილების ჩატარება უფრო მარტივი იქნებოდა, და არ მოუწევდათ სკოლაში სამ ცვლად სიარული.
სოფელში ბუნებრივი აირი არ არის გაყვანილი, ამიტომ ხის სახლში შეშას ანთებენ. მშობლები და მასწავლებლები მთელი დღე დაძაბულები არიან, იმის შიშით, რომ შეშის ნაპერწკალმა ხის იატაკზე ხანძარი არ გამოიწვიოს და მთლიანი სკოლა არ დაიწვას. თუმცა, ფეჩის ანთების გარეშე შეუძლებელია.
ფარავანში ამბობენ, რომ მოსახლეობამაც, მასწავლებლებმაც არაერთხელ მიმართეს განათლების სამინისტროს, იმისათვის, რომ სკოლისთვის ადგილი გამოუყონ. მოსახლეობამ ვარიანტის სახით სოფლიდან რუსეთში გადასული ერთ-ერთი მცხოვრების სახლში გადასვლა შესთავაზა. ისინი ამ სახლის ქირაობას და სკოლის შენობისთვის გამოყენებას სთავაზობენ. სხვა ვარიანტის სახით საბავშვო ბაღის გაყოფა და სამის ნაცვლად ორ ცვლაში ჩატარება შესთავაზეს. ორივე შეთავაზებაზე უარი მიიღეს. ფარავნის მოსახლეობას მეზობელ სოფელ ტამბოვკაში ტარება შესთავაზეს, რომელიც ფარავნიდან რთულად გასავლელ 9 კილომეტრში მდებარეობს, მაგრამ მოსწავლეებმა და მშობლებმა ამ შეთავაზება უარი თქვეს. მაშინ, მოსახლეობის თქმით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის პარლამენტის დეპუტატმა სუმბატ კიურეგიანმა, რომელიც სოფელ ფარავნის მოსახლეობას შეხვდა, დაპირდა, რომ მათ სკოლის ახალი შენობა ექნებათ.
როგორც სოფელ ფარავნის სკოლის დირექტორი რუბენ სააკიანი ამბობს, ძველი სკოლის გარემონტება გამორიცხულია, ახალი სკოლის აშენება მომავალ წელს იგეგმება.
“ძველი სკოლის შენობის გარემონტება გამორიცხულია, გვითხრეს, რომ შენობა თავიდან უნდა ააშენონ, საძირკვლით. ჩვენ სამინისტროს 3-4-ჯერ წერილობით მივმართეთ, პასუხს ველოდებით. 15 ოქტომბერს ალტერნატიულ შენობასთან დაკავშირებით სამინისტროს წერილი მივწერეთ. არის საკუთარი სახლი, არის სახლი, რომელიც გირაოდ დევს, განიხილება ეს საკითხი. რაც შეეხება ახალი შენობის მშენებლობას, პროგრამაში არის, სამინისტრო საქმის კურსშია, მხოლოდ მიწის საკითხია მოსაგვარებელი, ნახაზები მზად არის, რეესტრშია წარდგენილი. სავარაუდოდ გაზაფხულის დასაწყისში დაიწყება ძველი შენობის დემონტაჟის სამუშაოები, რის შემდეგაც მშენებლობა დაიწყება”,- თქვა რუბენ სააკიანმა.