სოფელ დიდი არაქალის, დიდი გონდურას, ფოკას და განძას საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის ტენდერი უკვე მეორედ ვერ შედგა.
ნინოწმინდის მერიამ მუნიციპალიტეტის 4 სოფელში საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაზე ტენდერი 24 სექტემბერს გამოაცხადა, წინადადებების მიღება 6 ოქტომბერს დასრულდა, თუმცა აუქციონში მონაწილეობა არავინ მიიღო. ტენდერის საორიენტაციო თანხა იყო 143 111 ლარი. ამავე ოდენობის ტენდერი წინა ჯერზე, სექტემბრის დასაწყისში გამოცხადდა, რომელიც ასევე არ შედგა მონაწილეთა არარსებობის გამო.
ჯამური თანხიდან 57 528,7 ლარი სოფელ განძაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე გამოიყო, 29 751,3 ლარი სოფელ დიდ არაქალში სკოლამდელი დაწესებულებისთვის, 32 720 ლარი სოფელ დიდ გონდურას საბავშვო ბაღისთვის, ხოლო სოფლის ფოკას საბავშვო ბაღისთვის კი 23 111 ლარი გამოიყო. სარეაბილიტაციო პროექტები 95%-ით ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი კი 5%-ს გამოყოფს.
რემონტი ითვალისწინებს შიდა სამშენებლო-მოსაპირკეთებელ სამუშაოებს.
ნინოწმინდის მერიიდან Jnews-თან სატელეფონო საუბარში კომენტარი გააკეთეს, რომ მუნიციპალიტეტში 4 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე ტენდერი მონაწილეების არარსებობის გამო არ შედგა. თუმცა კონკრეტულად რამ წარმოადგენს მიზეზი იმისა, თუ რატომ სატენდერო აუქციონში მონაწილეობის მსურველი არ გამოცხადდა, მერიაში ინფორმაცია არ აქვთ. ასევე, ჯერჯერობით უცნობია გამოცხადდება თუ არა ახალი ტენდერი ან გადახედავენ თუ არა სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოყოფილ თანხას.