ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალადან 64 წლის ექიმს აკობ აკობიანს 40 წელზე მეტი გამოცდილებით ქალაქ ასპინძის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. Jnews-მა სოფლის ექიმისგან მისი ბედნიერების საიდუმლო გაიგო.
ჩვენი ვიზიტის დროს სოფელ დამალას მაოსახლეობა სიამაყით ყვებოდა, რომ მუნიციპალიტეტმა მათი თანასოფლელის შრომა დააფასა და “შოთაობის” დღესასწაულზე “ასპინძის საპატიო მოქალაქის” წოდება მიანიჭა. თანასოფლელები თვლიან, გაუმართლათ, რომ აკობ აკობიანი ჰყავთ. ამიტომ დავინტერესდით მისი პიროვნებით. მოკრძალებული ღიმილით დიდი ხანი გვარწმუნებდა, რომ მის შესახებ მასალა არ გაგვეკეთებინა, რომ ჩვეულებრივი ექიმია და მასზე არაფერია დასაწერი.
აკობ აკობიანმა 1976 წელს სოფლის სკოლა ოქროს მედლით დაამთავრა და ერევანში სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა. დამთავრებისთანავე, 1982 წელს მან სამი წელი ქალაქ რაზდანში იმუშავა და დამალაში დაბრუნდა. ამ წლების განმავლობაში მუშაობდა თერაპევტად, ანესთეზიოლოგად და ამბულატორიის დირექტორად არა მხოლოდ სოფელში, არამედ ასპინძის საავადმყოფოშიც.
“ექიმობის იდეა მშობლებმა მომაწოდეს, მაგრამ მე ჩემი პროფესია ძალიან მომწონს”,- აღნიშნავს აკობ აკობიანი, რომელიც იყო მრავალშვილიანი ოჯახის 6 შვილიდან ერთ-ერთი.
მას შანსი ჰქონდა დამალას ფარგლებს გარეთ ემუშავა, მაგრამ ის დაბრუნდა, თანასოფლელზე დაინიშნა. პროფესიით ინჟინერი მეუღლე სოფელში დარჩა და დიასახლისი გახდა.
“არ ვნანობ, რომ ჩამოვედი, ჩემთვის მშვიდად, კარგად ვცხოვრობ. ჩემი შვილები ბებიასთან გაიზარდნენ, გაიგეს “რას ნიშნავს ბებია”. აქ სხვანაირია ხალხი, ხალხში სხვა ურთიერთობებია, უფრო უშუალო, ვიდრე დიდ ქალაქებში. ხალხი შენ გაფასებს, შენ კი მათ”,- ამბობს აკობ აკობიამი.
მას სამი შვილი ჰყავს, ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი, 6 შვილიშვილი. აკობ აკბიანის შვილები სოფლის ცხოვრებით კმაყოფილნი არ არიან, ისინი რუსეთში გადავიდნენ საცხოვრებლად.
სირთულეებიდან აკობ აკობიანი მხოლოდ ქართული ენის არასაკმარის ცოდნას ასახელებს, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა გამოცდის ჩაბარებაში და ექიმის ლიცენზიის მიღებას. ახლა ის სოფლის ამბულატორიაში თერაპევტად მუშაობს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 2003 წლიდან მუნიციპალიტეტის საავადმყოფოში ანესთეზიოლოგად მუშაობა შეწყვიტა. სოფლის ამბულატორიაში საკუთარ კაბინეტში დღეში 10-15 პაციენტს ღებულობს. სოფელში მას ყველა “შინაურულად” თვლის.
სოფლის ამბულატორია საჭირო სამედიცინო მოწყობილობით აღჭურვილია, რომელთა უმეტესობა აკობ აკობიანის ეკუთვნის.
აკობ აკობიანი იმ მცირერიცხოვან ადამიანებს შორის არის, რომლებიც საკუთარ თავს ბედნიერ ადამიანად თვლიან.
“საჭიროდ თვლი თავს. გუშინ ღამის პირველ საათზე მირეკავდნენ. მაფასებენ, როგორც ექიმს, თბილისის მერე მაინც ჩემთან მოდიან, იქ წასვლამდეც ჩემთან მოდიან, დიაგნოზს ვუნიშნავ. ბედნიერი ადამიანი ვარ, ოჯახოს გამო ვარ ბედნიერი, გავლილი ცხოვრებით… როცა თითქმის მკვდარ ადამიანს აცოცხლებ, ღმერთად თვლი თავს”,- აღნიშნავს ექიმი.
მისი თქმით, თავიდან დაწყების შესაძლებლობა, რომ ჰქონდეს ისევ სოფელ დამალას აირჩევდა, ასევე იმ გზას, რაც გაიარა.