ვარაზდატ აკოპიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშიდან ჰოლშტინის ჯიშის ძროხებს ინახავს. ზამთარში მათ შენახვაზე უარის თქმა უნდოდა, რამდენიმე ძროხა გაყიდა კიდევაც, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და ისევ იყიდა, რადგან სოფელში სხვა ვერაფრით დაკავდება.
აკოპიან ვარაზდატი მეცხოველეობის ბიზნესში 2017 წლიდან არის ჩართული. 2019 წელს მან იყიდა 15 “ჰოლშტაინის” ჯიშის ძროხა. ძროხები ბევრ რძეს იძლეოდნენ, მაგრამ ბევრს ჭამდნენ და განსაკუთრებულ საკვებს, მოვლას და პირობებს საჭიროებდნენ. შენახვის მაღალი ღირებულების გამო ვარაზდატ აკოპიანმა 2023 წლის ზამთარში 9 ძროხა გაყიდა, მაგრამ შემდეგ ივნისში იგივე ჯიშის კიდევ 12 ძროხა იყიდა. დღეს მას 16 ძროხა, 1 ხარი და ხბოები ჰყავს.
ვარაზდატ აკოპიანმა ერთი ძროხა 6000 ლარად გაყიდა და 8000 ლარად იყიდა. მისი თქმით, ტრანსპორტირების ჩათვლით, თითო ძროხა 2500 ევრო დაუჯდა.
„წელს ბევრი თივაა და იაფია, მართალია ბევრს ჭამენ, მაგრამ საკმარისია, სოფელში სხვა არაფერია გასაკეთებელი, ძროხის შენახვა მომგებიანია, უბრალოდ რძე იაფია, ფასი რომ ცოტა გაძვირდეს, კარგი იქნება“, – ამბობს ვარაზდატ აკოპიანი.
აკოპიანის თქმით, მისი ძროხების მყიდველები ძალიან კმაყოფილი არიან. ძროხები სოფელ გორელოვკის ფერმერებს მიჰყიდა.
ამ ჯიშის თითოეული ძროხა მე-3-4 მშობიარობის შემდეგ იძლევა 40-45 ლიტრ რძეს დღეში. პირველი მშობიარობის შემდეგ – 25 ლიტრს. ფერმერის თქმით, ძროხები უკვე მიჩვეული არიან ადგილობრივ საკვებს და დიდ პრობლემას არ უქმნიან, თავად ფერმერებმა კი უკვე ისწავლეს ევროპული ძროხების მოვლა.
აკოპიანები ოჯახით მუშაობენ ფერმაში. ზამთარში ძროხების გაყიდვის შემდეგ მიხვდნენ, რომ სოფელში სხვა საქმე არ ჰქონდათ. მათ არ აქვთ საკმარისი სასოფლო-სამეურნეო მიწა კარტოფილის მოსაყვანად, ამიტომ ისევ ძროხების ყიდვა გადაწყვიტეს. სოფელ დადეშს ბევრი საძოვრები აქვს, სოფლის მდებარეობა კარგია მეცხოველეობის განვითარებისთვის. ვარაზდატი ლიტრ რძეს 1 ლარად ყიდის.
„რძის ფასი 1,80 ლარი მაინც რომ იყოს, მაშინ ძროხების საკვებში ბევრი ვიტამინის დამატებას შევძლებდით, რაც ხელს უწყობს რძის წარმოების გაზრდას. იმედია ახლა ზამთარში რძე გაძვირდება. ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს ფასები“, – ამბობს აკოპიან ვარაზდატი.
ის ფერმერთა ბაზაშია დარეგისტრირებული, იმედოვნებდა, რომ იქნებოდა მეცხოველეობის პროგრამები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებდა და ზოგადად სახელმწიფოს დახმარების იმედი ჰქონდა. ის ჩივის, რომ ამდენი წელია მეცხოველეობით არის დაკავებული და ხელისუფლებისგან მხარდაჭერა არ მიუღია.
„მე მესაქონლეობის გაფართოება მინდა, მაგრამ ძროხებისთვის ახალი ბეღელის ასაშენებლად ადგილი არ მაქვს. ახლა 2 ძროხამ უკვე იმშობიარა, 13 ძროხა ხბოს ელოდება, სად უნდა შევინახო. მამაჩემი ფერმის დირექტორი იყო, მერე იყიდა ეს ფერმა, ახლა მე არ მაძლევენ, რომ გავაფართოვო მეურნეობა, ჩეკი და სხვა საბუთები მაქვს. ამბობენ, არ შეუძლიათ, მაგრამ რა ვქნა“,- ამბობს აკოპიან ვარაზდატი.