ახალქალაქის მეცხოველეობის ბაზარი, რომელიც ექსპლუატაციაში შესვლის ნებართვის მისაღებად ორჯერ გარემონტდა, მინიმალურ სანიტარიულ მოთხოვნებს კვლავ ვერ აკმაყოფილებს. სურსათის სააგენტოს დეპარტამენტმა ექსპლუატაციის ნებართვის გაცემაზე უკვე მეორედ თქვა უარი. ადგილობრივმა ბიუჯეტმა ბაზრის რეაბილიტაციისთვის თანხა წელს უკვე მესამედ გამოყო.
ახალქალაქის მეცხოველეობის ბაზარი 2020 წელს სანიტარული პირობების დაუცველობის გამო დაიხურა. ამის შემდეგ, 2021 წელს, ადგილობრივმა ბიუჯეტმა რეაბილიტაციისთვის 15 120 ლარი დახარჯა, რითაც ტერიტორია შემოიღობა. სურსათის სააგენტოს დეპარტამენტში შექმნილი კომისიის წევრებმა ბაზრის დათვალიერების შემდეგ, მისი ფუნქციონირება დაუშვებლად მიიჩნიეს, რადგან ამისთვის მინიმალური პირობებიც კი არ იყო.
2022 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ბაზრის რეაბილიტაციისთვის კიდევს 20 000 ლარია გათვალისწინებული.
„ბაზარი ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს, რემონტის შემდეგ, პირიქით, შემცირდა ტერიტორია. არ შეესაბამება რეკომენდაციების არც ერთ პუნქტს, რაც ჩვენ მივეცით, თანხა იხარჯება, მაგრამ არ ემსახურება მიზანს. მოიჯარეს ყველა რეკომენდაცია წერილობით მივეცით, ჩვენი რეკომენდაციით მოუწიათ შეკეთება. არ არის ტუალეტი, წყალი, ასფალტი, განყოფილებები. ჩვენ ისევ მივეცით დამქირავებელს რეკომენდაციები“, – ამბობს სურსათის სააგენტოს ახალქალაქის ფილიალის მენეჯერი, მერუჟან ეზოიანი.
მისივე თქმით, ტერიტორიაზე აუცილებელია ასფალტი, რათა დეზინფექცია ჩატარდეს და გაიწმინდოს.
ბაზრის მაკონტროლებელი სონა ვარდანიანი ამბობს, რომ მათ ბაზარი ორჯერ არ ჩაუჩვეს ექპლუატაციაში.
“თქვეს, კანალიზაციაა საჭირო, განყოფილებები, ტუალეტი, ასფალტი. შემოდგომაზე მოვიდნენ და კვლავ არ ჩაიბარეს. მოგვცეს წერილობითი რეკომენდაციები. მერიას გადავეცი. წინა ჯერზე მხოლოდ შემოღობვა გააკეთეს, ექიმისთვის ვაგონი მქონდა, ისიც წაიღეს”, – ამბობს სონა ვარდანიანი.
ბაზრის ფართობი 1800 კვდ/მ-ია. გლეხები საქონელს პირუტყვის ბაზრობასთან, სასაფლაოს შესასვლელთან, ვეტექიმის ცნობის გარეშე ყიდიან.
ახალქალაქში მეცხოველეობის ბაზარი ოც წელზე მეტია ფუნქციონირებს, შაბათ-კვირას ბაზარს ექიმი და კონტროლიორი ჰყავდა.
როგორც სონია ვარდანიანი ამბობს, მეცხოველეობის ბაზარი იჯარით აიღეს, თვეში 150 ლარად.
ბაზრით სარგებლობა ფასიანია, გოჭების გამყიდველები გაყიდულ გოჭზე 3 ლარს იხდიან პატარა მანქანაზე, დიდ მანქანაზე 4 ლარს, ცხვრის ერთ მანქანაზე 4-5 ლარს.
ახალქალაქის საქონლის ბაზარს ხელახლა გაარემონტებენ