ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ კვლავ გამოყო თანხები ახალქალაქის საქონლის ბაზრის შესაკეთებლად, ამჯერად ბაზრის ტერიტორიაზე წყლის მოსაყვანად, იმის მიუხედავად, რომ 2019 წელს ბაზრის დახურვის ერთ -ერთი მიზეზი სწორედ წყლის ნაკლებობა იყო.
მეცხოველეობის ბაზრის ტერიტორიის წყალმომარაგებისთვის ახალქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1985 ლარი გამოიყო. მეცხოველეობის ბაზარი მიმდინარე წლის მაისში განახლდა, მაგრამ პროექტი წყალმომარაგებას არ ითვალისწინებდა.
მეცხოველეობის ბაზრის დირექტორ სონა ვარდანიანის თქმით, ბაზარი წელიწადნახევრის წინ სანიტარული სტანდარტების შეუსრულებლობის გამო დაიხურა, უფრო კონკრეტულად, ბაზარზე წყლის ნაკლებობისა და შეღობვის არარსებობის გამო.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წლის მაისში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 13 135 ლარი გამოყო მეცხოველეობის ბაზრის შესაკეთებლად, მაგრამ პროექტი წყალგაყვანილობის უზრუნველყოფის გარეშე შემუშავდა.
რეაბილიტაცია დასრულებულია, მაგრამ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ოფისი ბაზრის ამოქმედების ნებართვას არ გასცემს.
რემონტიდან 2 თვის შემდეგ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კვლავ გამოიყო თანხა ბაზრის ტერიტორიაზე წყლის მისაყვანად. თავიდან შედგა პროექტი, რაც უფასო არ არის.
სონა ვარდანიანის თქმით, საქონლის ბაზარი წყლის გარეშე წარმოუდგენელია.
“მათ მითხრეს (რედ. მშენებლებმა) პროექტი უკვე შედგენილია. მე შევთავაზე, გაეღოთ დამატებითი კაბიჭე ისე, რომ ბაზრის მოვაჭრეებს დიდი წრის გაკეთება არ დასჭირვებოდათ წყლის მისატანად, არამედ გასულიყვნენ ბაზრიდან და იქვე ესარგებლათ წყლით. მითხრეს, რომ პროექტი ამას არ ითვალისწინებდა, მათ კი არ აქვთ არაფრის აშენების უფლება, თუ ის პროექტში არ დევს”, – განაცხადა სონა ვარდანიანმა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსმა, რაფიკ აბაჯიანმა განაცხადა, რომ ეს საკითხი, ფინანსების გამო, თავდაპირველ პროექტში არ იყო გათვალისწინებული. მაშინ არ იყო სახსრები.
დღეისთვის ხალხი თავის საქონელს ბაზრიდან მოშორებით, სასაფლაოს ტერიტორიის მიმდებარედ ჰყიდის, სადაც არ ჰყავთ ექიმი.
ახალქალაქის საქონლის ბაზარი 20 წელზე მეტია არსებობს. ვაჭრობა უქმეებზე იმართება. ბაზარს ჰყავდა ექიმი და კონტროლიორი.
კონტროლიორ სონა ვარდანიანის თქმით, ბაზრის ტერიტორია მათ არენდით აიღეს და ყოველთვიურად 150 ლარს იხდიან.