სულ უფრო მეტი ახალქალაქელი ფერმერი ყიდის თავის კარტოფილს ჩიფსის მწარმოებელ კომპანიას. მართალია, კომპანია არა ყველა კარტოფილს, არამედ კონკრეტულ ჯიშს, ასევე კონკრეტულ ზომას ყიდულობს, მაგრამ ადგილობრივი ფერმერისთვის ეს გარკვეულწილად სტაბილური და საიმედოა.

FRIXX ჩიფსები საქართველოში იწარმოება, შპს „ახალი მოსავალი“ მისი წარმოებისთვის კარტოფილს ძირითადად ახალქალაქელი ფერმერებისგან ყიდულობს. კომპანია რეგიონში 400 ფერმერთან თანამშრომლობს. ფერმერებისთვის კარტოფილის გაყიდვის ფასი დაბალია, სულ რაღაც 55 თეთრი, თუმცა სტაბილურობა აწყობთ. “ახალი მოსავალი” მუშაობს გაყიდვების ბაზრის გაფართოებაზე, რათა გაზარდოს წარმოება.

კარტოფილის ჩიფსის ქარხანა FRIXX მდებარეობს თბილისში, საწყობი კი, სადაც კარტოფილს ღებულობენ, ახარისხებენ და ინახავენ, მდებარეობს ახალქალაქში. ფერმერს კარტოფილი პირდაპირ მინდვრიდან საწყობში მოაქვს, სადაც მუშები დახარისხების მანქანით ახარისხებენ კარტოფილს, ყიდულობენ მხოლოდ საჭირო ზომას, დანარჩენს კი ფერმერს უბრუნებენ. ჩიფსებისთვის ირჩევენ მხოლოდ 3სმ-დან 7სმ დიამეტრის კარტოფილს. დახარისხებაზე მუშაობს 7 ადამიანი. საწყობში 1800 ტონამდე კარტოფილის შენახვაა შესაძლებელი.

frixx1

კომპანია 2015 წელს ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში გაიხსნა, შემდეგ კი გაფართოვდა. ისინი საქართველოში თავის საქმიანობაში ერთადერთები არიან. წელიწადში 1000 ტონა კარტოფილს ამუშავებენ. 1 კგ ჩიფსის დასამზადებლად საჭიროა 4 კგ კარტოფილი.

„300 ტონა “აგრიას” ჯიშის კარტოფილი უკვე გვაქვს, ფერმერებს ვიცნობთ, რეკომენდაციებს ვაძლევთ, მივდივართ მინდვრებზე, ადგილზე ვათვალიერებთ, ვაკვირდებით მთელ პროცესს. საქონელს ვინახავთ აქ, გარკვეულ ტემპერატურაზე +8, რომ შაქარმა არ მოიმატოს. ჩიფსისთვის გვჭირდება ისეთი ჯიშები, რომლებიც ნაკლებ შაქარს შეიცავენ“, – ამბობს შპს „ახალი მოსავლის“ დირექტორი თამაზ ქურდაძე.

frixx2

მოსოიან მურადი სოფელ დილისკიდან ორი წელია „ახალი მოსავალი“ კომპანიასთან მუშაობს. მისი თქმით, კარგია, როცა სეზონის ნებისმიერ დროს ფერმერმა იცის, რომ გაყიდვის საშუალება აქვს.

„წელს უკვე გავყიდე 14 ტონა კარტოფილი 55 თეთრად, ზოგადად, ფასი დაბალია, მაგრამ მეტს არ იხდიან, ეს არ არის მომგებიანი, მიგვაქვს, ახარისხებენ, დანარჩენს უკან გვიბრუნებენ”, – ამბობს მოსოიან მურადი.

„რეალიზაციის პრობლემა არის, მაგრამ ვმუშაობთ, ვიბრძვით, მეხუთე წელია ვმუშაობთ და საქართველოს ბაზარზე 30% ავიღეთ. ჩვენი პროდუქციის ფასი უცხოურზე, იმპორტულზე ოდნავ დაბალია“, – თქვა „ახალი მოსავალი“ კომპანიის დირექტორმა.

frixxx

FRIXX აპირებს როგორც გაყიდვების ბაზრის, ასევე წარმოებული პროდუქციის მრავალფეროვნების გაფართოებას. კომპანია ორ წელიწადში სახამებლისა და კარტოფილის წარმოების ქარხნის აშენებას და ახალი პროდუქტის წარმოებას გეგმავს. ამ შემთხვევაში ფერმერებისგან წვრილ კარტოფილსაც შეიძენენ.

კომპანია, თამაზ ქურდაძის თქმით, აწარმოებს ნატურალურ ჩიფსებს ზედმეტი ქიმიური ელემენტების გარეშე და ახორციელებს ექსპორტს ბევრ ქვეყანაში: სომხეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ისრაელში.