წელს რიგოთ მეორე რემონტის შემდეგ, ახალქალაქის დახურული საცურაო აუზი 1 ოქტომბერს განახლდება. აგვისტოს დასაწყისში ერთი თვით დაიხურა, თუმცა რემონტსა და მოსამზადებელ სამუშაოებს 2 თვე დასჭირდა.

ახალქალაქის დახურულმა საცურაო აუზმა ფუნქციონირება 2023 წლის აპრილში, რემონტის შემდეგ დაიწყო, რომელიც 7 თვე გაგრძელდა. თუმცა სამი თვის მუშაობის შემდეგ აუზი კვლავ დაიხურა სარემონტოდ.

„მოწყობილობები უკვე მოძველებულია, ფუჭდება, ეტაპობრივად ვცვლით ყველაფერს, გავარემონტეთ ყველა ტექნიკური ნაწილი, ძრავები, 20 ძრავი მუშაობს აუზში, ფილები მოვაწესრიგეთ“, – თქვა ახალქალაქის აუზის დირექტორმა მარტინ გაბრიელიანმა.

დირექტორის თქმით, აუზი მუშაობას 1 ოქტომბრიდან განაახლებს. ამჟამად მიმდინარეობს აუზის წყლით შევსების პროცესი, რომელსაც რამდენიმე დღე სჭირდება.

საცურაო აუზი მომხმარებლებისთვოს ფასიანია, ხოლო ორგანიზაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდირებით ფუნქციონირებს. 2023 წლისთვის, ახალქალაქის აუზის ბიუჯეტი 248 000 ლარით განისაზღვრა, 2022 წელსაც ადგილობრივმა ბიუჯეტმა იგივე თანხა გამოყო. აუზში სააბონენტო გადასახადი, მიუხედავად იმისა, რომ მისი გაზრდის თემაზე იყო საუბარი, უცვლელი რჩება. 13 წლამდე მომხმარებლები იხდიან 10 ლარს, 13-დან 18 წლამდე ადამიანებისთვის ყოველთვიური აბონენტი 20 ლარია, 20 წელზე უფროსი ასაკის პირები თვეში 40 ლარს იხდიან.