ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების მიერ გამოცხადებული კვების პროდუქტების შეძენის ტენდერები შედგა. თუმცა, გაიხსნება თუ არა საბავშვო ბაღები 1-ლი მარტიდან, ჯერჯერობით გაურკვეველია.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ 9 თებერვალს კვების პროდუქტების შეძენაზე 5 ტენდერი გამოაცხადა. დირექტორ ანაიდა ასატურიანის თქმით, გაერთიანებას კვების თანხა ძალიან ცოტა ჰქონდა და ძლივს ჩაეტივნენ გამოთვლებში.

თუმცა იმ კომპანიებმა, რომლებმაც ტენდერი მოიგეს, შესაძენი ფასი კიდევ უფრო შეამცირეს და გაერთიანებაში უნდათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ კვების მომწოდებლები ბავშვებს უხარისხო პროდუქტებს არ მიაწვდიან.

«კომპანიებმა ბევრად შეამცირეს თანხა, ჩვენ ისედაც მინიმალურად გავითვალეთ. მე ნიმუშები მოვითხოვე, რომ ამ პროდუქტების ხარისხი მენახა. თუ ხარისხი არ მომეწონება, ტენდერებს გავანულებ. ბავშვებს უხარისხო პროდუქტებს ვერ ვაჭმევ. არის პროდუქტები, სადაც თავდაპირველი თანხიდან 20%-ზე მეტით შეამცირეს, მათ შეუძლიათ ექსპერტების დასკვნის მოტანა, მაგრამ მე შევამოწმებ», – ამბობს ანაიდა ასატურიანი.

გაერთიანება კვების პროდუქტებს მუნიციპალიტეტის 13 საბავშვო ბაღისთვის ყიდულობს, რომელთაგან 4 პირველად უნდა გაიხსნას, ხოლო 9 მოქმედია.

პურის, შაქრის, კაკაოს, მაკარონის, ვერმიშელის, ჩაის, მარილის და მწვანილის ტენდერი უკვე შედგა. ამ პროდუქტებისთვის გამოყოფილი იყო 69 994 ლარი. ტენდერი მოიგო შპს «ცოტნე დეველოპმენტმა» 64 815 ლარით. კომპანიამ თავდაპირველი თანხა 7,4 %-ით შეამცირა.

ხორცის შეძენაზე მუნიციპალიტეტმა 100 234 ლარი გამოყო, ტენდერი მოიგო შპს «დეველოპმენტ გრუპმა» 83 606 ლარით. კომპანიამ თავდაპირველი ფასიდან თანხა 16,6%-ით შეამცირა.

ბრინჯის, ბოსტნეულის და ხილის შეძენაზე გამოყოფილია 48 237 ლარი. მოიგო შპს «ცოტნე დეველოპმენტმა» 38 395 ლარით. კომპანიამ თანხა 20.4%-ით შეამცირა.

კვერცხების შეძენაზე მუნიციპალიტეტმა საბავშვო ბაღებს 8032 ლარი გამოუყო. ტენდერი მოიგო შპს «ცოტნე დეველოპმენტმა» 6885 ლარით. კომპანიამ თანხა 14%-ით შეამცირა.

რძის პროდუქტების შეძენაზე მუნიციპალიტეტმა 110 114 ლარი გამოყო, კონკურსი მოიგო ინდივიდუალურმა მეწარმემ თინათინ გორგიძემ 96 165 ლარით, თანხა 12.7%-ით შეამცირა.