ქალაქ ახალქალაქის ნალბანდიანისა და წერეთლის ქუჩების კვეთაზე, მიასნიკიანის ქუჩაზე, ასფალტის ქვემოდან რამდენიმე დღეა წყალი გადმოდის. გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვისცენტრში პირობა დადეს, რომ გზაჯვარედინზე მომხდარ ავარიას ხვალ აღმოფხვრიან, თუმცა მიასნიკიანზე გარღვევის შესახებ არ იცოდნენ.
ნალბანდიანისა და წერეთლის ქუჩების კვეთაზე წყალი ასფალტის ქვემოდან გადმოდის და ერთდროულად ორი მიმართულებით, ორივე ქუჩის გასწვრივ მოედინება. ნალბანდიანის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, წყალი მთელი კვირაა მიედინება, ხოლო მიასნიკიანის მცხოვრებლები ამბობენ, რომ არ ახსოვთ, რომ მათი ქუჩა წელს მშრალი ყოფილიყო, ამ გაჟონვის გარეშე.
Jnews-მა დღეს, 8 სექტემბერს, გადაწყვიტა, გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვის ცენტრში დარეკვა და გარკვევა, ბოლოს და ბოლოს როდის აღმოიფხვრევა საკითხი. გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორმა გიორგი ვახტანგიშვილმა თქვა, რომ მრობლემის შესახებ მათ აქვთ ინფორმაცია და დიდი ალბათობით ხვალ ავარია აღმოიფხვრება.
„დაახლოებით სამი დღის წინ წყალი გავთიშეთ, სხვა ადგილას იყო ავარია. წყლის მილებში ჰაერი გროვდება და როცა წყალს ვრთავთ მილები სუსტ წერტილებში ჟონავს. გზაჯვარედინზე ამის შესახებ ვიცოდით და სავარაუდოდ დღეს არ იმუშავებს, მაგრამ ხვალ, დიდი ალბათობოთ, ავარიას აღმოვფხვრით“, – თქვა გიორგი ვახტანგიშვილმა.
ხოლო მიასნიკიანის ქუჩაზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორმა თქვს, რომ აღნიშნული ავარიის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და ხვალ ამ შემთხვევასაც განიხილავენ.