ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით სამუშაოების დაახლოებით 34% დასრულებულია, დანარჩენ სოფლებში სამუშაოები პროცესშია, სამ სოფელში კი, იმის გამო, რომ ტენდერი ვერ შედგა, სამუშაო ჯერ არ დაწყებულა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის, არა მოვსისიანის თქმით, მერიამ ამ სამუშაოებზე კონკურსი ორჯერ გამოაცხადა, თუმცა განაცხადები არ ყოფილა. აღნიშნულ სოფლებში ჩასატარებელი სამი სამუშაო ერთ ტენდერში გამოცხადდა. ტენდერების გამოცხადების ბოლო თარიღი 24 აგვისტოს არის დაფიქსირებული, განაცხადების მიღების ბოლო ვადა კი 4 სექტემბერი იყო.

საუბარი შემდეგ სამუშაოებზა:

1. სოფელ ჩამდურას ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაცია – 13559 ლარი.
2. სოფელ ვაჩიანში ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაცია – 22769 (სოფლის მხარდაჭერის პროგრამა – 16949 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტი – 5820 ლარი)
3. სოფელ ხანდოში სპორტული დარბაზის სამუშაოების გაგრძელება – 16949 ლარი.

სოფლ კიროვაკანში, ოკამში და აზმანაში სამუშაოები სრულად დასრულებულია და მიღებულია შესაბამისი კომისიის მიერ, სხვა სოფლებში სამუშაოები 60-70%-ით არისშესრულებული.

21 სოფელში სამუშაოები უკვე დასრულებულია, თუმცა კომისიას მიღების პროცედურა ჯერ არ დაუწყია. ეს ძირითადად სოფლების განათების სამუშაოებს გულისხმობს.

„სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით ახალქალაქის მუნიციპალიტეტს 922 000 ლარი გამოეყო. სოფლის მოსახლეობა შეხვედრების გზით წყვეტს, რაზე დახარჯოს ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა. ყველაზე მცირე თანხა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 10 000 ლარია, ყველაზე დიდი კი 20 000 ლარი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 64 სოფელმა 83 პრიორიტეტი აირჩია