ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხაში ახალი სკოლის მშენებლობა უკვე სრულდება. ახალი სკოლა თითქმის 100 მოსწავლეზეა გათვლილი
.

სკოლის ახალი შენობის მშენებლობა 2019 წლის 14 ნოემბერს დაიწყო. ამჟამად მშენებლობა დასრულებულია და შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.

2

სოფელ ჩუნჩხის სკოლის მშენებლობისათვის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 1 905 230 ლარი გამოყო. სამუშაოებს კომპანია “Element Construction and Design”-ი ახორციელებს. სკოლის შენობის ექსპლუატაციაში ჩაბარება ახალ 2020-2021 სასწავლო წელს იგეგმება.

კომპანია “Element Construction and Design”-ის წარმომადგენლის ნუგზარი თვარაძის თქმით, სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

1

სოფელ ჩუნჩხაში 91 მოსწავლე სწავლობს, 28 მათგანი მეზობელი სოფლიდან, პტენიდან არის. ოქტომბერში ბავშვები ახალ სკოლაში მივლენ.

ტენდერის დოკუმენტაციის თანახმად, სკოლაში 9 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია მოეწყობა. ასევე გამოიყოფა ადგილი დირექტორის, ბუღალტრისა და ექიმის კაბინეტებისათვის.

როგორც ამას წინათ სკოლის დირექტორმა გვაცნობა, ახალ სკოლაში იქნება არქივი, ბიბლიოთეკა, ბუფეტი, სველი წერტილი სადეზინფექციო კარადებით და დასვენების ზონა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 1 ნოემბერს ახალქალაქის რაიონის სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლის ხის შენობაში ხანძარი გაჩნდა.

ჩუნჩხაში ქართული სკოლა ორი შენობისგან შედგებოდა: სკოლის ძირითადი შენობა (რომელიც ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში მდებარეობდა) და ხის ფინური სახლი, რომელიც ხანძრის შედეგად დაიწვა. ამის შემდეგ, მოსწავლეების ნაწილმა სწავლა სოფლის ადმინისტრაციის კუთვნილ შენობაში გააგრძელა.

ჩუნჩხის საჯარო სკოლაში მეზობელ სოფლის, პტენის მოსწავლეებიც სწავლობენ. სოფელ პტენის სკოლა ავარიულ მდგომარეობაშია. უკვე რამდენიმე წელია რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ შენობაში მეცადინეობების ჩატარება აკრძალა.

სასწავლო პროცესი სოფელ ჩუნჩხაში დღემდე ორ ცვლაში ტარდებოდა. პირველ ცვლაში სოფელ ჩუნჩხის ბავშვები სწავლობენ, ხოლო მეორე ცვლაში პტენის მოსწავლეები დადიან.