ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში პროგრამის “სოფლის მხარდაჭერის” ფარგლებში პრიორიტეტული სამუშაოების შერჩევისთვის დაგეგმილი შეხვედრები დასრულდა. აპრილის დასაწყისს კი პროექტების შედგენაზე დაიწყება მუშაობა.
შეხვედრები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 64 სოფელში დასრულდა, სადაც მოსახლეობამ მიმდინარე წელს შესასრულებელი სამუშაოები აირჩია. გასული წლის მსგავსად პრიორიტეტული სამუშაოები ქუჩების განათება, სასმელი წყალი, სარწყავი წყალი და ახალგაზრდული ცენტრებია.
ძირითადად, სოფლები თითო სამუშაოს ირჩევდნენ.
„შეხვედრებზე პრობლემები არ შექმნილა, სოფლების უმეტესობამ ერთი სამუშაო აირჩია, ხოლო ვინც წინასწარ ორი სამუშაო აირჩია, შესაძლოა, პროექტების შედგენისას ერთი სამუშაო დარჩეს. გეგმა წელსაც უცვლელად მივყვებით. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ წელს პროგრამა ერთი თვით ადრე დაიწყო“, – განაცხადა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსმა არამ მოვსისიანმა.
პროგრამით „სოფლის მხარდაჭერა“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტს 922 000 ლარი გადასცეს. უმცირესი თანხა 10 000 ლარია, მაქსიმუმი კი 20 000 ლარი.
საქართველოში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2011 წლიდან ყოველწლიურად ხორციელდება, იგი მხოლოდ 2017-2018 წლებში შეჩერდა დროებით.