მიმდინარე წლის ივნისიდან, ახალქალაქის რაიონის სოფელ ბავრაში “Caritas Georgia”-სა და გერმანული ფონდის “Renovab”-ს დაფინანსებით, სკოლასთან ახალი საკლასო ოთახების მშენებლობა დაიწყო.
ბავრის საჯარო სკოლაში საკლასო ოთახების სიმცირე მუდამ იგრძნობოდა, რის გამოც ბავშვები იძულებულნი იყვნენ სამ ცვლაში ევლოთ სკოლაში. ამჟამად სკოლის მახლობლად 4 საკლასო ოთახი, 2 კაბინეტი და 3 სველი წერტილი შენდება.
“სკოლის საკითხთან დაკავშირებით ბევრ ადგილას მივმართე, ბოლოს, მამაოს, ტერ გრიგორ მკრტჩიანის შუამავლობით ეს საქმე რეალობად იქცა. სკოლის მშენებლობა დაიწყო წელს, და ვიმედოვნებთ, რომ ის წლის ბოლოს დასრულდება. მშენებლობისათვის დაახლოებით 100.000 ევრო გამოიყო”,- ამბობს სკოლის პედაგოგი, ჯულია შირინიანი.
სოფელ ბავრის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი, არფენიკ ელაზიანი აღნიშნავს, რომ მათ სკოლაში საკლასო ოთახების პრობლემა მრავალი წლის განმავლობაში არსებობს.
“კარგი კოლექტივი ვართ, მაგრამ შენობა ცუდ მდგომარეობაშია, საბჭოთა კავშირის დროიდან ნახევრად დანგრეული იყო და ასეთივე მდგომარეობაში გადმოგვეცა. ჩვენ არ გვაქვს მუსიკის კაბინეტი, ბავშვებს უნდათ სწავლა, მაგრამ სად და როგორ?”,- აღნიშნავს მუსიკის მასწავლებელი.
წლის ბოლომდე ბავრის სკოლაში გათბობის სისტემას გაიყვანენ. აღსანიშნავია, რომ მშენებლობის მონიტორინგს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახირციელებს. სამშენებლო სამუშაოებს თვალყურს, სოფლის მაცხოვრებელი, არტურ ასლანიანი ადევნებს. სკოლის მშენებლობაზე, რაიონის სხვადასხვა სოფლიდან, 30 ადამიანი მუშაობს. ამჟამად ბავრის სკოლის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.
“Caritas Georgia”-ს საქველმოქმედო ფონდის წყალობით სოფელ ბავრაში მცხოვრებ ბავშვებს ახლა ნორმალურ პირობებში, ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ და იძულებულნი არ იქნებიან სამ ცვლაში იარონ სკოლაში. შენობაში იქნება ყველა აუცილებელი პირობა, რათა ბავშვებმა საჭირო საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება თავისუფლად შეძლონ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის შენობა სრულიად იქნება მორგებული.
“Caritas Georgia”-ს საქველმოქმედო ფონდი კათოლიკური ეკლესიის მიერ არის დაფუძნებული. ორგანიზაციის მისია- საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის დაუცველი ფენების დახმარება და ქველმოქმედებაა, სამართლიანობა, ადამიანის განვითარების ხელშეწყობა, ქრისტიანული ღირებულებების ხელმძღვანელობით თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემა.
სკოლის დირექტორი მისაკ შირინიანი “Caritas Georgia”-ს ფონდის მიერ გაწეული დახმარებისათვის დიდ მადლიერებას გამოხატავს.