პეტროს ამირხანიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამიდან, Ersasmus+-ის პროგრამაში მონაწილეობს და პროგრამის ეტაპების წარმატებით გავლის შემდეგ, სწავლას ლიტვის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში 5 თვით გააგრძელებს. ჩვენი გმირი ახალგაზრდობიდანვე დაინტერესდა ამ პროგრამით და დღეს უკვე პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარია.

პეტროსმა დაწყებითი განათლება სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლაში მიიღო, შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 1+4 პროგრამით ჩააბარა, ახლა მე-4 კურსის სტუდენტია, სწავლობს ბიზნეს-ტექნოლოგიის ფაკულტეტზე კომპიუტერული ინჟინერიის სპეციალობით. ჩვენი გმირი კმაყოფილია თავისი პროფესიული არჩევანით, აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე საფუძვლიანად შეისწავლა შრომის ბაზარი.

„მე კარგად ვიცოდი, რომ ტექნოლოგიების სფეროს დიდი პოტენციალი აქვს და ყოველწლიურად ვითარდება. ბევრი რამ უკვე დაკავშირებულია ტექნოლოგიასთან და შესაბამისად არის ამ დარგის სპეციალისტების საჭიროება და არსებული ვითარება მიუთითებს იმაზე, რომ მალე ყველაფერი გადავა ტექნოლოგიურ სფეროში“.

პეტროსი აღნიშნავს, რომ თავიდან საკმაოდ რთული იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში მან მოახერხა ქართულის ცოდნის გაუმჯობესება და ყველაფერი იმაზე ადვილი გახდა, ვიდრე წარმოედგინა.
Peton - 1

 

უნივერსიტეტში დასაქმების გარდა, პეტროსი მონაწილეობს სხვადასხვა პროგრამებში, მათ შორის მოხალისეობრივ მუშაობაში.

„ახლა აქტიურად ვმონაწილეობ სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონულ პროგრამებში, ვცდილობ მაქსიმალურად აქტიური ვიყო, სხვადასხვა პროგრამით მოვახერხე ევროპის ქვეყნებში ყოფნა. ახლახან მივიღე მონაწილეობა Erasmus+-ის პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც ერთ სემესტრს ვისწავლი ლიტვაში. თინეიჯერობიდან მინდოდა საზღვარგარეთ მესწავლა და ევროპაში სწავლა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზანი იყო“.

ინგლისურის საერთაშორისო გამოცდის ჩაბარებით მან მაქსიმალური ქულების დაგროვება მოახერხა და დადებითი პასუხიც მიიღო.

ჩვენს კითხვაზე, არ ეშინია თუ არა მას სრულიად უცნობი გარემოს სირთულეები, პეტროსმა უპასუხა:

„ბევრ ახალგაზრდას ეშინია მარტოობის და მისგან წარმოშობილი სირთულეების, რაც აფერხებს მათ კარიერულ განვითარებას. ყველას ვურჩევ, არ შეგეშინდეთ, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულნი იყვნენ და წინ წავიდნენ, საზღვარგარეთ განათლების მიღება კი ბევრ კარს გაუხსნის“.