ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლებში, კორონავირუსის პროფილაქტიკის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჯერ არ განხორციელებულა. ის თუ როდის და რა სახით ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები ახალქალაქის სკოლებში, მერიისა და მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სხდომაზე განიხილება.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ მუნიციპალიტეტის სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჯერ არ განხორციელებულა, მაგრამ აუცილებლად განხორციელდება.
«დღეს, 11 საათზე ჩვენთან მერიაში გაიმართება სხდომა. იქ გადაწყდება, თუ როდის და რა სახით ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები. ამჟამად შესაბამისი მოწყობილობები არ გაგვაჩნია»,- თქვა ავეტიკ ტონაკანიანმა.
ახალქალაქის რესურსცენტრის უფროსმა თერეზა ჩივჩიანმა თქვა, რომ დღეს განათლების სამინისტროს ბრძანებას ელიან.
«ჯერ არ განხორციელებულა სადეზინფექციო სამუშაოები, ველოდებით სამინისტროს ბრძანებას. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. სამუშაოებს ან თავად სკოლები ჩაატარებენ, ანდა სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პასუხისმგებლობის ქვეშ იქნება »,- განაცხადა თერეზა ჩივჩიანმა.