სამი წელია, რაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამას ახორციელებს, რომელიც ორიენტირებულია სკოლაში, ოჯახში და ზოგადად, გარემოში ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლის ბავშვებზე. Jnews-ი შეეცადა გაერკვია, როგორ მუშაობს ახალქალაქში ბავშვთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამა და რა არის ამ პროგრამის მთავარი ფუნქცია.
მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების სამმართველოს უფროსის, ანაჰიტ იორდანიანის თქმით, ფსიქოლოგიური მომსახურება ინდივიდუალურად არ ტარდება – შემთხვევის ხასიათიდან გამომდინარე, როდესაც ჯგუფით სტუმრობენ სახლებს, მათ უერთდება ფსიქოლოგი, რათა გაარკვიოს, არის თუ არა ამ ოჯახში პრობლემები. და შესაბამისად, თუ პრობლემაა, შესაბამისი რეაქცია მოჰყვება.
ფსიქოლოგის თქმით, ისინი არ ატარებენ კონკრეტულ ფსიქოლოგიურ კონსულტაციას და ფსიქოთერაპიას, ეს არ შედის მათ მოვალეობაში. ისინი უფრო მეტად მუშაობენ ბავშვებთან, რომლებიც განიცდიდნენ/ახორციელებენ ძალადობას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან, თუ ეს ბავშვები სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში არიან. მათი მუშაობის ძირითადი ხასიათი არის ზოგადი შეფასების მიცემა და პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა.
„შემიძლია ვთქვა, რომ აქამდე ძალადობის შემთხვევები არ გვქონია. იყო შემთხვევა, როცა თავად სკოლამ მოგვმართა, რადგან ერთ-ერთი მოსწავლე აგრესიულად იქცეოდა. ეს არ შედიოდა ჩვენს მომსახურებაში, ამიტომ ბავშვის მშობლებს ვურჩიე, პრობლემის მოსაგვარებლად სომხეთში მომუშავე ერთ-ერთ ფსიქოლოგს დაუკავშირდნენ“, – ამბობს მერიასთან არსებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში მოქმედი ფსიქოლოგიური განყოფილების სპეციალისტი.
ჩვენს კითხვაზე, აქვთ თუ არა პრობლემაზე რეაგირების უფლება, თუ მშობელი უარს ამბობს დახმარებაზე ან აცხადებს, რომ პრობლემა არ არის, ფსიქოლოგმა გვიპასუხა, რომ აფასებენ ოჯახში პრობლემის არსებობას და თუ მშობლისგან დახმარების მიღების უარყოფით პასუხს იღებენ, შემდეგ საქმე უკავშირდება სოციალურ მუშაკს და იურისტს, სამსახურებს უფლება აქვთ მშობელს მშობლის უფლებაც კი ჩამოართვან.
მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სკოლის ასაკის 60-მდე ბავშვი სკოლაში არ დადის, მათგან 50-მდე საზღვარგარეთ იმყოფება, მაგრამ რეგისტრირებულია საქართველოში, 10 კი შშმ ბავშვია, რომელთა მდგომარეობა მძიმეა და ვერ ახერხებს სკოლაში სწავლას.